ავიაკატასტროფა

ICAO-მ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა.

შესაბამის განცხადებას, ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

"ეს გადაწყვეტილება სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასევე, ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ სახელმწიფოები საერთაშორისო სამართალს დაუსჯელად ვერ დაარღვევენ“, - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპერ ველდკამპმა.

ბორტის განადგურებით, რუსეთმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია დაარღვია.

2014 წლის ივლისში, დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, მალაიზიის ავიახაზების რეისი MH17 ჩამოვარდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა.

რუსეთი დღემდე არ იღებს პასუხისმგებლობას სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე და ბრალს უკრაინას სდებს. 

2022 წელს ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ MH17-ის ჩამოგდებაში დამნაშავე რუსეთია.

კომენტარები