ოჯახური ძალადობა

პრემიერი: ოჯახური ძალადობა ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებს, ტრადიციებს, რელიგიას

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ძალადობის თემაზე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება. ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორის ჯგუფში შემავალი სტრუქტურების ხელმძღვანელებს სამოქმედო გეგმის შემუშავება და კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაავალა. მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე შექმნილი კომისიის შემადგენლობის შეცვლაზე. ამასთან დაკავშირებით, პრემიერმა იუსტიციის მინისტრს პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოჯახური ძალადობის მიზეზები კომპლექსურ გამოკვლევას საჭიროებს.

„ის, რაც ხდება, კომპლექსური გამოსაკვლევია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს რელიგიას. ფაქტია, რომ ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია აგრესიას. წლების განმავლობაში ნანახის და მოსმენილის, ზოგიერთისთვის კი საკუთარ თავზე გადატანილ წამების, მკვლელობის, დევნის, რეპრესიების შემდეგ, გასაკვირი არაა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაც გვქონდეს საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში საზოგადოებას ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიას წარუდგენს. განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება დაევალა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო სტრუქტურებს საზოგადოების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

„ჩართეთ ყველა სპეციალისტი, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც ოჯახურ ძალადობაზე, ქალთა უფლებებზე და მათ სოციალურ ჩართულობაზე მუშაობს. და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დეტალურად ჩავაყენოთ საქმის კურსში და ჩავრთოთ პროცესში ჩვენი საზოგადოება“, - აღნიშნა პრემიერმა.

უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრას იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, განათლების მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე ესწრებიან.

კომენტარები