მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმე

სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის განაჩენი უცვლელი დატოვა

დღეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენი, რომლითაც ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს ბინის (კერძო საკუთრების) ხელშეუხებლობის დარღვევაში, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ორ ეპიზოდში და ამომრჩევლის მოსყიდვაში. ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი გულგრილობისთვის.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მხარის პოზიცია ივანე მერაბიშვილისათვის წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, იგი ცნო დამნაშავედ ხსენებულ ბრალდებებში და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით.

ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში წარდგენილი ბრალდებისთვის განუსაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, სასამართლომ ივანე მერაბიშვილს მოუხსნა სსკ-ის 332-ე მუხლით, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს სსკ-ის 182-ე და 164 პრიმა მუხლებით წარდგენილი ბრალდებები, რა ნაწილშიც ბრალდების მხარე განაჩენს საკასაციო წესით გაასაჩივრებს.

კომენტარები