მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმე

პროკურატურა: მოწმეს კოორდინატორი ან პროკურორი პროცედურებს განუმარტავს

geonews.ge

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას მოწმეებზე ზეწოლის ფაქტს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა. პროკურატურის განმარტებით, ქუთაისში სასამართლო განხილვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე განზრახ ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. პროკურატურის განცხადებით, მოწმის წარმდგენი მხარე (როგორც დაცვის, ასევე ბრალდების) ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლოში მოწმის დროული გამოცხადება და საჭიროების შემთხვევაში განუმარტოს მხარეს სასამართლოში მოქცევის წესი და უფლება-მოვალეობები.

"პროკურორის საქმიანობის ხელშესაწყობად, 2011 წლის აგვისტოდან, პროკურატურის სისტემაში მოქმედებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და უფლება-მოვალეობებზე მოწმისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, პროკურორისა და მოქალაქის შეხვედრის ორგანიზებას მოქალაქის სურვილის შემთხვევაში, რაც ხელს უწყობს მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელებას და ეხმარება მოწმეს სათანადოდ წარდგეს სასამართლოს წინაშე. ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდების საქმეზე დაკითხულია რამდენიმე ათასი მოწმე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მოწმეთა უმრავლესობისთვის უცნობია ქ. ქუთაისში სასამართლოს ადგილმდებარეობა, აგრეთვე სასამართლოში მოქცევისა და ჩვენების მიცემის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული წესები. აღნიშნულ საქმეზე დასაკითხ მოწმეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დასაკითხ პირს, ხვდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი და განუმარტავს მას სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს, ხოლო საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც არ არის დანიშნული კოორდინატორი, მის ფუნქციას ასრულებს პროკურორი. აქვე აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეც არ არის შეზღუდული სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეხვდეს დაცვის მხარის მოწმეს და განუმარტოს მას სასამართლოსთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის განცხადებები, რომლებიც ეხება სასამართლოში წარდგენამდე მოწმესთან გასაუბრების დაუშვებლობას, უსაფუძვლოა და მიზანმიმართულად ემსახურება ბრალდების მხარის მოწმეთა დისკრედიტაციას, მათზე ზემოქმედებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პროკურატურა მოწმეებს ღირსების შემლახველი მეთოდებით კითხავს, რადგან მათგან სასურველ ჩვენებას ვერ იღებს. მისივე თქმით, მოწმეებს პროკურატურაში წინასწარ იბარებენ და ფსიქოლოგიურად "ამუშავებენ".

"ერთ-ერთმა მოწმემ მარტვილიდან, პირდაპირ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში დაიბარეს. რომ ვკითხეთ მიზეზი, გვიპასუხა, დღევანდელი სხდომისთვის ფსიქოლოგიურად შემამზადესო. ეს მისი პირდაპირი სიტყვებია და სხდომის ჩანაწერშიც არსებობს. ეს ძალიან ბევრი მოწმის ჩვენებებში დასტურდება", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე.

კომენტარები