სავალდებულო ატესტაცია

ფრაქცია ქართული ოცნება: თბილისის მთავრობის მოხელეთა ატესტაცია აუცილებელია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის საჯარო სამსახურებში საკონკურსო-საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფრაქცია მერიაში ქალაქის მთავრობის მოხელეთა ატესტაციას დადებითად აფასებს და მის აუცილებლობას თანამშრომელთა კვალიფიკაციის შემოწმებით ხსნის. ქართული ოცნების შეფასებით, ტესტირება უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას.

"ჩვენ მივესალმებით ასეთი სახით ატესტაციის ჩატარებას. იმისათვის, რომ სამსახურებმა სრულფასოვნად შეასრულონ საკუთარი მოვალეობები, ატესტაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს. მერიასა და საკრებულოში ბევრი კვალიფიციური კადრია, რომლებიც უპრობლემოდ შეძლებენ ამ ეტაპის გავლას და, შესაბამისად, შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს მმართველი ფრაქცია ოპონენტი კოლეგების მხრიდან ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმიანება.

"მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მერიის სხვადასხვა სამსახურიდან თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლეს, ჩვენ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რის შემდეგაც გაირკვა, რომ 2014 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის მერიის თანამშრომელთა 95% კვლავ ასრულებს თავის მოვალეობას. რაც შეეხება გათავისუფლებულ ადამიანებს, მათი რაოდენობა 155 ადამიანს აღწევს, აღსანიშნავია, რომ აქედან, პირადი განცხადების საფუძველზე – 115, ვადის გასვლის გამო – 32, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამო – 5 და "სხვა საფუძვლით" - 3 გათავისუფლდნენ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ოპონენტი კოლეგების განცხადება უსაფუძვლოა და თითოეულ მათგანს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცახდებებისგან და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს უმრავლესობის შეფასებით, "წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, საჯარო მოხელეს გადატვირთულ რეჟიმში უწევს მუშაობა და იმისათვის, რომ საქმე სრულფასოვნად შესრულდეს, საჭიროა დამატებითი კადრები, ატესტაციის გავლის შემდეგ კი, ზუსტად იმდენი ადამიანი დარჩება, რამდენიც აღნიშნულ სამსახურებში ეფექტიანი მუშაობისთვის იქნება საჭირო".

კომენტარები