სავალდებულო ატესტაცია

ნიკა მელიას და ირაკლი აბესაძეს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

ნიკა მელია
epn.ge

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია და მერის ყოფილი მადგილე, ირაკლი აბესაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს. ისინი მერიაში მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ, რათა მერიაში დაგეგმილი ატესტაცია გაეპროტესტებინათ. მათი თქმით, საატესტაციო კომისია არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით არჩევს. მელიას და აბესაძეს ისნის გამგებელმა განუმარტა, რომ მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ აქვთ. 

ნიკა მელიას განცხადებით, მთავრობის, როგორც კოლეგიალური ორგანოს სხდომა, აბსოლუტურად საჯაროა ნებისმიერი მოქალაქისათვის. ამასთან, ენმ მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან ალექსანდრე მარგიშვილის გადადგომას მოითხოვს.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს შენობა საკრებულოს წევრის, ირაკლი აბესაძესათვის არის შეუღწევადი და მას არ ეძლევა საშუალება, დაესწროს მთავრობის სხდომას. ჩვენ პირდაპირ ვაფრთხილებთ მერიის ხელმძღვანელობას, ბატონ ნარმანიას, ვიცემერ მარგიშვილს, რომ ის დანაშაულებრივი პროცესი, რომელსაც სათავეში უშუალოდ მარგიშვილი უდგას, თუ არ შეჩერდება და მას არ გადააყენებენ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან, ცოტა ხანში, ეს ყველაფერი მათ ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდებათ. მიმაჩნია, რომ მარგიშვილის დანიშვნა საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ისეთივე დანაშაულია, როგორც დანაშაულებრივი ზეწოლა თანამშრომლებზე", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მერიის თანამშრომლებზე უკანონო ზეწოლა გრძელდება. ფრაქცია მიიჩნევს, რომ მერიის უწყებებში ზეწოლას თანამშრომლებზე აქვს სისტემური ხასიათი და ამაზე რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მოვალეობას წარმოადგენს, "თუმცა, ქართული ოცნების პროკურატურა ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასაც კი არ ჩქარობს". განცხადებაში წერია, რომ თანამშრომლებზე დანაშაულებრივი ზეწოლის პირობებში, ატესტაციის ჩატარება ამ პროცესის გაგრძელებას ნიშნავს და მის არაობიექტურობასა და მიკერძოებულობას მოასწავებს.

კომენტარები