ევროსაბჭო და საქართველო

ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან კრიტიკულია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმული და "ასავალ-დასავალის" იდეოლოგიით მართული მთავრობის მიმართ. სამწუხაროდ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან საქართველო ვერ ჩნდება იმ სახით, რისი შანსიც მას ჰქონდა 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემის შემდეგ. მაგრამ საქართველოს მთავრობის მხრიდან ოპონენტების ყოვლად გაუმართლებელ პოლიტიკურ ანგარიშსორებაზე არანაკლებ ზიანს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს თედო ჯაფარიძის განცხადება აყენებს.

მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, თავისი 1633, 1647 და 1683 რეზოლუციებით, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო აგრესიისა და დღესაც მიმდინარე ოკუპაციას ეხება, რუსეთს ავალდებულებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

თუ ჩვენვე ვიტყვით (როგორც ამას ბატონი თედო ჯაფარიძე აკეთებს თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე), რომ ასამბლეის რეზოლუციების შესრულება სავალდებულო არაა, მაშინ რუსეთს ვაძლევთ დამატებით არგუმენტს, რომ არ შეასრულოს ზემოთ ნახსენები რეზოლუციები. უფრო მეტიც, ამ განცხადებით საქართველო თავად ემსგავსება პუტინის რუსეთს და იანუკოვიჩის უკრაინას.

ვფიქრობ, ძალიან საგანგაშო განცხადებაა.

ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში როგორც რეზოლუციაზე, ისე ცალკეულ შესწორებებზე კენჭისყრის შედეგები ავლენს, რომ:

- "ქართულ ოცნებასთან" ერთად რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს იმ დეპუტატებმა, რომელთა უმრავლესობა 2008 წლიდან მოყოლებული რუსული დეპუტაციის მხარდამხარ აძლევდა ხმას, როცა საქმე 2008 წლის ომის შესახებ რეზოლუციებს ეხებოდა.

- რეზოლუციას ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა, ანუ მხარდამჭერი დეპუტატები განსხვავდებიან პარტიული კუთვნილებით და მათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი EPP-ის (ევროპის სახალხო პარტიის) დეპუტაციის გარდა, არიან სოციალისტები და ლიბერალები. სხვათა შორის, ლიბერალებში (ALDE) გაწევრიანებულნი არიან უსუფაშვილის რესპუბლიკელები და ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები".

კომენტარები