მურმან დუმბაძე

დუმბაძე: სახელმწიფოზე მაღლა რომელიმე მოქალაქეს ვერ დავაყენებ

მურმან დუმბაძე
ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომამდე, რომელზეც ქართული ოცნებიდან მის გარიცხვა გადაწყდა, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იგი ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან შესაძლო კავშირში დაადანაშაულა - რის გამოც პარტიის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„მე მთხოვეს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივსულიყავი, შევხვედროდი პრემიერს. შევხვდი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და პოლიტსაბჭოს სხვა წევრებს და ბატონმა ირაკლიმ მითხრა, რომ თქვენი განცხადება, რომ წახვალთ პარტიიდან, (აჭარის მთავრობის) იმპიჩმენტი უნდა გაგრძელდეს, რომ ხელისუფლება ადგილზე უნდა შეიცვალოს, არის ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, უნისონი. მიხეულ სააკაშვილი იმყოფება ქვეყნის ტერიტორიის გარეთ და ძალიან დიდი ალბათობა და ეჭვი გვავს, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაში ხართ. მე ვუთხარი, ამ ადგილზე უნდა გაჩერდეთ... თქვენგან ამ შენიშვნას ვერ მივიღებ და რადგან ასეთი წარმოდგენები გაქვთ ჩვენს მიმართ და ამ პოლიტიკურ პროცესზე, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ“,  - განაცხადა დუმბაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემს პოსტსკრიპტუმში.

დუმბაძე მიიჩნევს, რომ მის წასვლას ქართული ოცნებიდან პარტიის სხვა წევრთა წასვლაც  მოჰყვება. „ამ პოლიტიკურ პროცესს არ შეიძლება სხვა შედეგები არ მოჰყვეს, პარტიის ძალიან ბევრი წევრი, რომლებმაც 2012 წლის 1-ლ ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილთან ერთად დააარსეს მოძრაობა ქართული ოცნება... არა მხოლოდ აჭარაში, პარტიას დატოვებს, იმიტომ რომ არის სერიოზული კრიზისი“,  - აღნიშნა დუმბაძემ. მისი აზრით, „ძალიან დიდი ალბათობით“, ქართული ოცნების ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოში დაიშლება.  

დუიმბაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიუხედავად, ქართული ოცნება მისი გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას მის გარეშე არ მიიღებდა. მისი აზრით, „მთავარი მოქალაქის  ჩარევა, ხელისუფლების ერთი შტოს წამოწევა და ბალანსის დარღვევა“ არასწორია.

დუმბაძის განცხადებთ, მისი სიმპათიები პრეზიდენტ მარგველაშვილის მხარესაა, რადგან „ის უფრო სახელმწიფოებრივად იქცევა“. დეპუტატის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის დამსახურებას აფასებს და მის წინაშე „ანგარიშვალდებულია“, „სახელმწიფოზე მაღლა რომელიმე მოქალაქეს ვერ დააყენებს“. 

კომენტარები