მურმან დუმბაძე

კალაძე: დუმბაძე გარკვეული ფეოდალიზმის შექმნას ცდილობდა

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, ვიცეპრემიერი კახი კალაძე აცხადებს, რომ  მურმან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ ჰქონია და ის პრემიერმა და პარტიის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლად მიიღო. რუსთავი 2-ს გადაცემა პოსტსკრიპტუმში მან ასევე უარყო დუმბაძის განცხადება იმის შესახებ, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა მას ნაციონალურ მოძრაობასთან შესაძლო კავშირში დასდო ბრალი.

რაც შეეხება მურმან დუმბაძის საქმიანობას, კალაძის განცხადებით, აჭარაში იგი  მაქსიმალურად ცდილობდა თავისი გავლენის ქვეშ მყოფი პირების შეთავაზებას პარტიისთვის, სხვა კანდიდატურები მისთვის მიუღებელი იყო.

„ჯერ კიდევ როდესაც ბატონი ბიძინა იყო პრემიერმინისტრი, მაშინაც  მიიღო ბატონმა მურმანმა ამასთან დაკავშირებით საყვედური, რომ ცდილობდა აჭარაში გარკვეული ფეოდალიზმი შეექმნა.“,  - აღნიშნა კალაძემ.  

ვიცეპრემიერმა კოალიციაში რაიმე განხეთქილების არსებობა უარყო.

დღეს, 14 სექტემბერს, დეპუტატი მურმან დუმბაძე ქართულო ოცნების პოლიტსაბჭომ, აჭარის მთავრობის საქმიანობაში მისი სისტემატური ჩარევის მიზეზით, პარტიიდან გარიცხა. 

კომენტარები