გიგი უგულავას საქმე

რიყისა და ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეზე უგულავას პროცესი გაიმართა

Gigi Ugulava
Tabula

თბილისის საქალაქო სასამართლოში რიყისა და ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეზე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესი უკვე დასრულდა, სადაც შპს თბილსერვის ჯგუფში ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივისტების დასაქმების ეპიზოდი განიხილეს. პროცესზე დაიკითხა თბილსერვის ჯგუფის იმდროინდელი ხელმძღვანელი გიორგი ხუჭუა. მან დაადასტურა, რომ 2009-2011 წლებში 600-მდე პირი გაფორმებული იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში, თუმცა, ისინი რეალურად არ მუშაობდნენ. ხუჭუას თქმით, მან აღნიშნული დავალება თბილისის იმდროინდელი ვიცემერისგან, ტარიელ ხიზანეიშვილისგან მიიღო.

პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს გიგი უგულავას ადვოკატებმა. მათი თქმით, გიორგი ხუჭუამ ვერ დაადასტურა აღნიშნულ საქმეში გიგი უგულავას ბრალეულობა.

საქმის არსებით განხილვამდე გიგი უგულავამ განცხადება გააკეთა და რამდენიმე დღის წინ გაზეთ ქრონიკაში მისი სახელით გავრცელებული წერილის ავტორობა უარყო, რომელშიც უგულავა ნაციონალურ მოძრაობას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს.

"გავრცელდა წერილი, სადაც თითქოსდა მე ჩემს თანაპარტიელებს რევოლუციისკენ მოვუწოდებ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა ქვეყანა მისული და კრიმინალი გაათკეცებულია, ხალხის რისხვა გარდაუვალია და ახლა უნდათ, რომ ეს ხალხის რისხვა წარმოაჩინონ როგორც მანიპულირებული, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. და შემდეგ დაიწყოს კიდევ უფრო მეტი დევნა, რასაც აქამდე წარმატებულად ახერხებენ.

ამიტომ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის ტყუილი, ხელისუფლება დაეჩვია უკვე ამ ტყუილს, თქვენ იცით, რომ ჩემი დაპატიმრებიდან სულ რაღაც 1 კვირაში გატეხეს ჩემი იმეილი და გვარები და სახელები ცნობილია. გამოძიება არ მიმდინარეობს თუ მიმდინარეობს ფორმალურად, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ რომ ამ იმეილის მეშვეობით კიდევ სხვა მსგავსი სისულელეები გავრცელდეს", - განაცხადა უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში რიყისა და ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმის არსებითი განხილვა 15 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები