გიგი უგულავას საქმე

თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გააუქმა უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულებაც. გიგი უგულავას თბილისის აეროპორტში ძიუდოისტის ცემას ედავებიან. საქმე ეხება 11 დეკემბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც უგულავასა და ევროპული საქართველოს კიდევ ერთ წევრს, საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში, გაფრენის წინ თავს დაესხნენ. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ერთი თავდამსხმელის და გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრა. გამოძიების მტკიცებით, ერთი მოქალაქე გოკა გაბაშვილს დაესხა თავს, ხოლო მეორე გიგი უგულავამ სცემა.

ადვოკატმა გიორგი გელხაურმა 9 მარტის პროცესზე თქვა, რომ ე.წ ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებისა და უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. ამას ბრალდების მხარეც და მოსამართლეც დაეთანხმნენ.

გიგი უგულავა 10 თებერვლიდან საპატიმროში იმყოფება. მას საქმეზე, რაზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა.

8 მარტის შეხვედრაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეც შეთანხმდა. ხელისუფლება ისევ აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, თუმცა, ოპოზიციის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ისაუბრეს.

ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს. როგორც მან აღნიშნა, პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად "პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს". 

კომენტარები