ვითარება უკრაინაში

მერკელი: უკრაინას შეუძლია, რუსეთის ევრაზიულ კავშირში შევიდეს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინას შეუძლია რუსეთის ევრაზიულ კავშირში შევიდეს. რითაც მან კიდევ ერთხელ გამოხატა სურვილი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მშვიდობა დაამყაროს, - ამის შესახებ euobserver წერს.

გერმანულ ARD-სთან საუბრისას გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ კიევში მისი ვიზიტი, სამშაბათს, 26 აგვისტოს, მინსკში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისათვის მომზადებას ემსახურებოდა. თუმცა საზოგადოება გააფრთხილა, რომ ამ მოლაპარაკებებიდან სერიოზულ ”გარღვევას” არ უნდა ელოდონ.

მან ასევე ახსენა უკრაინული ”დეცენტრალიზაცია”, გაზის ფასებზე გარიგება და უკრაინის ”სავაჭრო ურთიერთობა” რუსეთთან, როგორც ელემენტები, რომლებსაც მშვიდობის მოტანა შეუძლიათ.

”თუ უკრაინა გადაწყვეტს, რომ ახლა ევრაზიულ კავშირს უნდა შეუერთდეს, ევროკავშირი ამაზე დიდ კონფლიქტს არ შექმნის, მაგრამ მოითხოვს, რომ ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი იყოს”, - განაცხადა მერკელმა.

”მე ისევე, როგორც უამრავ სხვა ადამიანს, მინდა ვიპოვო გზა, რომელიც რუსეთს არ დააზარალებს. ჩვენ (გერმანია) გვსურს რუსეთთან კარგი სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს. ჩვენ რუსეთთან გონივრული ურთიერთობები გვსურს. ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები. მსოფლიოში უამრავი კონფლიქტია, სადაც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ პროგრესისაკენ სვლა შეგვიძლია”, - განაცხადა მერკელმა.

რუსეთმა საბაჟო კავშირი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ალტერნატივა შექმნა. საბაჟო კავშირი 2015 წლის პირველ იანვარს ევრაზიული კავშირი გახდება.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) ხელი უკვე მოაწერა და სექტემბერში, უკრაინაში არჩევნებამდე, მის რატიფიკაციას აპირებს.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკრაინას საბაჟო კავშირში გაწევრიანება ეკრძალება.

თუმცა კიევში ვიზიტისას მერკელმა მიანიშნა, რომ მას სურს რუსეთთან სავაჭრო დათმობებზე წასვლა.

”ამას (ვაჭრობას) რუსეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე ვფიქრობ, ამის მნიშვნელობა ცდება წმინდა ეკონომიკურს და ფსიქოლოგიური მნიშვნელობის არის”, - განაცხადა მერკელმა.

პოროშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინელმა ხალხმა თავისი გადაწყვეტილება ევროპის მხარეს უკვე გააკეთა.

”ჩვენ გვაქვს ნათელი პოზიცია და ეს არის ევროკავშირი... თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება”, - განაცხადა პოროშენკომ.

თუმცა დასძინა, რომ ”ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი ექნება”, თუკი კონფლიქტის შემდეგ უკრაინას რუსეთთან რაიმე სახის ასოცირებული ურთიერთობა ექნება.

ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მერკელის განცხადებები ევრაზიულ კავშირზე რიტორიკაა და უკრაინის საგარეო პოლიტიკის სუვერენიტეტის ხაზგასმას ემსახურებოდა. თუმცა ნაწილი შიშობს, რომ ოფიციალური ბერლინი, ბრიუსელისა და კიევისგან მალულად, მოსკოვთან საიდუმლო გარიგებას დებს.

ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ გერმანულმა ენერგოკომპანიამ RWE ამ კვირას ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია, Dea, რუსულ ფირმას LetterOne-ს 5.1 მილიარდი ევროს სანაცვლოდ მიჰყიდა, ჩნდება ეჭვი, რომ გერმანია რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობისა და ბიზნესკავშირის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს. დიპლომატის აზრით, ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სიკვდილი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კატასტროფა იქნება.

”არსებობს ნიშნები იმისა, რომ გერმანია ნებისმიერ ფასად ცდილობს რუსეთთან მშვიდობა და ბიზნესკავშირი აღადგინოს. თუნდაც ეს უკრაინის ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის გადადებას ნიშნავდეს”, - განაცხადა euobserver-ის წყარომ.

ევროკავშირში უკრაინის ელჩის კონსტანტინ იელისეევის თქმით, ევროკავშირთან შეთანხმების რატიფიცირება სექტემბერში მოხდება და ამაზე უკრაინის პოზიცია ურყევია.

”ჩვენი პოზიცია ნათელია. თუმცა ამასთანვე, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ევრაზიულ კავშირთან შესაძლო კონსტრუქციულ პარტნიორობას. ამას ვერ გამოვრიცხავთ. მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი ევროპასთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე”, - განაცხადა იელისეევმა.

ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკრაინას საბაჟო კავშირში გაწევრიანება ეკრძალება. თუმცა შესაძლოა ევრაზიულ კავშირთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს.

”მერკელმა განაცხადა ”ევრაზიული კავშირი” და არა ”საბაჟო კავშირი”. ჩვენ არ ვიცით როგორ მუშაობს ევრაზიული კავშირი, რადგან ის ჯერ არ არსებობს”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული Independent-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი და რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის დესუვერენიზაციისა და დანაწევრების საიდუმლო გეგმაზე მუშაობენ. თუკი მერკელის წინადადებები პუტინისათვის მისაღები აღმოჩნდება, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა აღიაროს და უკრაინას NATO-ში გაწევრიანებაზე უარი უთხრას.

საკუთარი “საზღვრების სტაბილიზების” მერკელისეულ გეგმაზე დათანხმების შემთხვევაში, უკრაინის მთავრობა მიიღებს შეღავათიან პირობებზე გაზპრომთან გრძელვადიან ხელშეკრულებას. რუსეთი ასევე გადაუხდის უკრაინას მილიარდდოლარიან კომპენსაციას იმ საიჯარო შემოსავლის ნაცვლად, რომელიც ყირიმში თავისი ფლოტის ბაზირებისათვის უნდა გადაეხადა.

კომენტარები