NDI-ის კვლევა

ნადირაშვილი: ხალხმა იცის, რომ რეალურად ქვეყანას ივანიშვილი მართავს

NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ ხალხმა იცის, რეალურად მოვლენებს ივანიშვილი მართავს - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

ირმა ნადირაშვილი NDI-ის კვლევებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რეალურად ვინ დგას ქვეყნის სათავეში, რომელიც ყველა ძირითადი მიმართულებით უკუსვლას განიცდის.

”ამ კვლევამ ნათლად გამოაჩინა, რომ ოცნების მთავრობამ უკვე ორი წელი ფუჭად დააკარგვინა ხალხს. ყველა ძირითადი მიმართულებით უკუსვლაა, გაზრდილია სიღარიბე, უფრო მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა გაჩერებულია. მოსახლეობა ნათლად ხედავს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ფიქრობს მხოლოდ კორუფციულ ინტერესებზე, ნათესავებზე, პრემიებზე და არაფერს აკეთებს ხალხისთვის.

მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც კვლევაში გამოჩნდა, არის ის, რომ სიცრუის დიდოსტატმა ივანიშვილმა ვეღარ მოახერხა ხალხის კიდევ ერთხელ მოტყუება. ყველამ იცის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი თავის შუშის სასახლეშია გამოკეტილი, მოვლენებს ნამდვილად ის მართავს რეალურად და მისი დანიშნული პაჟი არაფერ შუაშია”, - განაცხადა ნადირაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% ეთანხმება შეხედულებას, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. მათგან 26% "სრულად ეთანხმება" ამ შეხედულებას, ხოლო 24% - "ეთანხმება". გამოკითხულთა 17% კი მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი აღარ იღებს მთავრობის ნაცვლად გადაწყვეტილებებს, ხოლო კვლევაში მონაწილეთა 28%-მა "არ იცის".

ამასთან, მათგან, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავაც ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია, 36% ამართლებს ამ ფაქტს, ხოლო 53% არ ამართლებს.

კომენტარები