NDI-ის კვლევა

NDI: 69% ამართლებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69% ამართლებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, ხოლო 8% არ ამართლებს.

კითხვაზე, "თუ ამართლებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერას, რატომ?", გამოკითხულთა უმეტესობა (58%) პასუხობს, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას. კვლევაში მონაწილეთა 35%-ის აზრით, "ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას", 33% მიიჩნევს, რომ "ეს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს", 17%-ის აზრით, "ეს გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას", 13%-ის შეფასებით, "ეს შექმნის ბევრ სამუშაო ადგილს", 10% კი ფიქრობს, რომ "ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს". 

ამასთან, NDI-ის გამოკითხულთა 59% ეთანხმება შეხედულებას, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა გააუმჯობესებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ადამიანის უფლებებს და ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ხოლო კვლევაში მონაწილეთა 10% ფიქრობს, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა გააუარესებს საქართველოს ეკონომიკას, ღირებულებებს და რუსეთთან ურთიერთობას.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები