საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა. შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები იყო. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კეთილმეზობლური პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ამასთან, საქართველოს პრემიერი უკვე შეხვდა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს გალუსტ საჰაკიანს. მათ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ. საუკუნეების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა რთული გზა გაიარეს და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ არა მხოლოდ მეზობლები, არამედ მეგობრები. ჩემი ვიზიტიც ამის დადასტურებაა, რომ მზად ვართ, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. მოუთმენლად ველით თქვენს ვიზიტს ოქტომბერში“, - მიმართა საქართველოს პრემიერმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს.

გუშინვე, ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრები შეხვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ სომხეთში გაზის მიწოდება აღდგეს 2-3 დღეში, რადგან დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გაზის მილი დაზიანდა". პრემიერის განმარტებით, სომხეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრისას ისაუბრეს დარიალის ხეობაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებზე, რაც წელს უკვე მეორედ დაფიქსირდა.

"შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ხელი შევუწყოთ საქმიან წრეებს. ამ თვალსაზრისით, აღვნიშნეთ, რომ გაჩნდა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა პრესსამსახურის ცნობით.

კომენტარები