ადგილობრივი თვითმმართველობა

ჯიქია: თანამშრომლებს არ ვათავისუფლებთ, მათ სხვა პოზიციებზე ვნიშნავთ

rustavi.ge

რუსთავის მერის დავით ჯიქიას განცხადებით, მერიიდან თანამშრომლებს კი არ ათავისუფლებენ, ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაჰყავთ და შესაბამისი შინაარსის განცხადებებს აწერინებენ. დავით ჯიქია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და თანამშრომლებზე ნებისმიერი ფორმის ზეწოლის ფაქტი კატეგორიულად უარყო. 

"განცხადებაში, რომელსაც მერიის თანამშრომლები წერენ, პირდაპირ არის მითითებული, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამნიშნოთ სხვა პოზიციაზე. სწორედ ამ განცხადების ფორმა მისცა იურიდიულმა სამსახურმა მერიის თანამშრომლებს. ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, რადგან თანამშრომლების რაღაც რაოდენობა, რომლებიც მიბმულები არიან ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, შეგნებულად არ წერენ განცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ არავინ არავის არსად არ უშვებს, იძულებულს გვხდიან, რომ კანონის შესაბამისად გავათავისუფლოთ, ამ გზით ხმაური ატეხონ და პიარი იკეთონ", - განაცხადა ჯიქიამ. 

რუსთავის მერის თქმითვე, წლების განმავლობაში სამსახურიდან წასვლის თაობაზე უთარიღო განცხადებებს სწორედ ენმ აწერინებდა თვითმმართველობებში დასაქმებულ თანამშრომლებს.

"როცა კახა გურგენიძე აღშფოთებული დაიწყებს ლაპარაკს ამ თემაზე, კარგად გაიხსენოს წელიწადში რამდენჯერ აწერინებდა თანამშრომლებს უთარიღო განცხადებას გათავისუფლებაზე და არა სხვაგან გადაყვანაზე. მათ კარგად იციან, რომ ახალი კოდექსის შესაბამისად ხდება სამსახურების ოპტიმიზაცია, 26-დან რჩება 10 სამსახური, ორი მოადგილე და ქალაქის მერი. მეც შემეძლო ავტომატურ რეჟიმში რადიკალური ვყოფილიყავი და ეს ხალხი პირდაპირ გამეშვა სამსახურიდან, მაგრამ ეს გზა არ ავირჩიე, მოვახდინე თანამშრომლების გადანიშვნა სხვა პოზიციებზე", - ამბობს რუსთავის მერი და აღნიშნავს, რომ კანონიდან გამომდინარე, 2014 წლის 15 ოქტომბრამდე საშუალება აქვს დღეს არსებული თანამშრომლების რესურსი შეინარჩუნოს, შემდეგ კი, თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, მერიის სტრუქტურებში თანამშრომლებს ხელახლა აიყვანენ ტესტირების გზით. 

ცნობისთვის, დღევანდელ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ლევან ბეჟაშვილმა, მამუკა ჩიქოვანმა და კახა გურგენიძემ განაცხადეს, რომ რუსთავის მერიაში თანამშრომლებს აიძულებენ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერონ. მათი ინფორმაციით, თანამშრომლებს აწერინებენ განცხადებებს სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის შესახებ და განცხადების ფორმას თავადვე უდგენენ. ენმ პროკურატურას აღნიშნული ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები