რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ალასანია: რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება ტრაგედია არ არის

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება "პირდაპირ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირდება". როგორც ალასანიამ აღნიშნა, ეს დეკლარირებულად განაცხადა რუსულმა მხარემ.

"ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ მსოფლიო სავაჭრო წესებით ვიხელმძღვანელებთ. ორივე მხარე არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. აქედან გამომდინარე, ამ რეგულაციებით მოხდება ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება. ჩვენს პროდუქციას უფრო დიდი მომავალი აქვს და უფრი დიდი გასაღება ექნება ევროპულ ქვეყნებში. ასოცირების შეთანხმება სწორედ ამის საშუალებას მოგვცემს, რომ ორიენტირებული ვიყოთ ძირითად ახალ ბაზრებზე. მგონია, რომ ტრაგიკული, ძალიან დიდი ფინანსური ზიანი საქართველოს არ ექნება”, - განაცხადა ალასანიამ. 

რია ნოვოსტის ინფორმაციით, რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას გულისხმობს.

რია ნოვოსტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამ შეთანხმების უმეტესი პუნქტი, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან.

საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.

კომენტარები