თბილისის მერია

ნარმანია: მოვუწოდებ მერიის სამსახურებს, ნუ მოახდენენ საქმიანობის პარალიზებას

თბილისის არჩეული მერი დავით ნარმანია მერიის სამსახურებს მიმართავს, "არ დაარღვიონ კანონი, ნუ მოახდენენ საქმიანობის პარალიზებას, იმუშაონ ჩვეულ რეჟიმში და ემსახურონ დედაქალაქისა და მისი მცხოვრებლების ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ამგვარი ქმედება შეფასდება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და საბოტაჟის მცდელობად". დავით ნარმანია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის მერიის გარკვეული სამსახურები და მათი ხელმძღვანელები მოქალაქეებს და დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს აწვდიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართონ თბილისის არჩეულ მერს, დავით ნარმანიას და მის ადმინისტრაციას.

"აღნიშნული ქმედება, სავარაუდოდ, განპირობებულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით. მერიის სამსახურების ხელოვნური პარალიზებით, პირველ რიგში, ზარალდებიან თბილისელები, რომლებიც დედაქალაქის თვითმმართველობის სტრუქტურებს კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის თხოვნით მიმართავენ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქალაქ თბილისის ახლად არჩეულ მერს თავისი მოვალეობების შესრულების უფლება მხოლოდ მისი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უჩნდება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალი მერის უფლებამოსილების ცნობამდე, არსებული ვიცე-მერები, თბილისის მთავრობა და მთავრობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები ვალდებული არიან, ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა და კეთილსინდისიერად შეასრულონ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული მოვალეობები" - აცხადებს არჩეული მერი.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მიიღო თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც, თბილისსა და შვიდ თვითმმართველ ქალაქში, ასევე, ცამეტ თვითმმართველ თემში, ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. კანონმდებლობის მიხედვით, მერები და გამგებლები უფლებამოსილების შესრულებას 2 აგვისტოდან შეუდგებიან.

კომენტარები