გიგი უგულავას საქმე

ნორლანდი: აშშ ყურადღებით დააკვირდება უგულავას დაპატიმრების აპელაციას

აშშ-ის საელჩო საქართველოში

"უგულავას დაპატიმრება სერიოზული საკითხია საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს... აშშ მოელის, რომ იქნება ამ საკითხის აპელაცია და მას ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით" - განაცხადა საქართველოში ამერიკის ელჩმა. 

ამერიკის შეშფოთებას აძლიერებს ის გარემოება, რომ საქართველოში არჩევნები მიმდინარეობს და დაპატიმრება მოხდა 12 ივლისს დანიშნული მეორე ტურის წინ - ნათქვამია ელჩის განცხადებაში. "როგორც არასდროს ისე მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი პროცესი წარიმართოს კანონის ჯეროვანი პროცედურის უმაღლესი სტანდარტების დაცვით და თავისუფალი იყოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური ჩარევისაგან."

ელჩი მხარეებს მოუწოდებს, ძალადობის ჩადენისა და პროვოცირებისგან თავი შეიკავონ. "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს დამოუკიდებელი სასამართლოსა და კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. უგულავას ადვოკატები გოგინაშვილის აცილების შესახებ შუამდგომლობას აყენებდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 2 ივლისს საქალაქო სასამართლომ სიტი პარკის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას პროკურატურის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გიგი უგულავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. 4 ივლისს ფინანსურმა პოლიციამ თბილისის ყოფილ მერს ახალი ბრალი წაუყენა, მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ბრალდება.

კომენტარები