საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველა მხარეს მოუწოდებს, მიწათსარგებლობის შესახებ ახალი კანონის მომზადება დააჩქარონ. მისი განცხადებით, მიწების გასხვისება არც აბსოლუტურად რეგულაციების გარეშე არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის და არც აბსურდული რეგულაციებით.
"თქვენ გახსოვთ, რომ ხელისუფლებამ და პარლამენტმა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მიიღო გადაწყვეტილება ორწლიანი მორატორიუმის შესახებ. ეს მორატორიუმი შეჩერდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მიწების თემა არც აბსოლუტურად რეგულაციების გარეშე არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის და არც აბსურდული რეგულაციებით. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ სწორად შედგენილი კანონი მიწის შესახებ იქნება სტიმული ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ჩვენი სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობისათვის. ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ დააჩქაროს და უსწრაფეს ვადებში წარადგინოს ახალი კანონი, რომელიც შექმნის შესაბამის ჩარჩოს მიწათსარგებლობის მიმართულებით. ეს ჩარჩო და ეს რეგულაციები იქნება მიმართული ჩვენი ქვეყნის, ისევე როგორც ჩვენი ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად" , – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ 2013 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ, არაკონსტიტუციურად ცნო.
აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და განაცხადა, რომ "დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შემთხვევაში, იძულებულია, თავისი ქონება ძალზე იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს".





