საქართველო-ევროკავშირი

სააკაშვილი: ეს ქვეყნის და ყველა პოლიტიკური ძალის საერთო გამარჯვებაა

დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება არის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო გამარჯვება, რომლებიც საქართველოს ევროპულ კურსს უჭერენ მხარს. 

"მინდა, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დღევანდელ მთავრობას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. ეს არის საერთო გამარჯვება ქვეყნისა და ყველა პოლიტიკური ძალისა, ვინც აცხადებს ერთგულებას ევროპული გზის მიმართ და ეს არის ისტორიული გარღვევა საქართველოსთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ უფრო ნათლად გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. 

„დღეს არის შანსი, რომ გაჩნდეს ორი დიდი ცენტრი, რომელიც, საბოლოო ჯამში, რუსულ იმპერიულ სივრცეს ძირს გამოუთხრის და ერთხელ და სამუდამოდ დაგვასვენებს – ეს არის კიევი, რომელიც მოიზიდავს ძალიან ბევრ რუს ოპოზიციონერს, აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს და საქართველო, რომელიც მოიზიდავს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას და შუა აზიის ქვეყნებს. რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს იცის, ჩვენ რამდენიც არ უნდა ჩავხაროთ თავი.

უხერხულია, რომ საქართველოს მთავრობა ღიად არ გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. სხვათა შორის, უკრაინელებმა ეს ვერ შეამჩნიეს, იმდენად დიდი დრო გავატარეთ ჩვენ იქ, სხვებმა. ჩვენ ცალკე არ გამოგვივა ვირეშმაკობა, აუცილებლად უნდა ვიყოთ საერთო ფრონტის ნაწილი. უნდა ვეძებდეთ გარშემო მოკავშირეებს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავძაბოთ ურთიერთობა აზერბაიჯანელებთან, რადგამ ეს ძალიან სასიცოცხლოა საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივებისთვის“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის გუნდი, რომელიც ამ ხელშეკრულებაზე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე მუშაობდა, საჭიროებს დაფასებას. 

„რუსეთისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ წამოგვაგოს დაპირებებით და ნახევრად შანტაჟით. მე მგონი, საკმარისი გამოცდილება დავაგროვეთ იმისათვის, რომ ერთმანეთის ბოღმას, ერთმანეთთან ბრძოლას არ გადავაყოლოთ ეს. მე პირადად საქართველოს მთავრობის მიმართ მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები მინდა, გამოვხატო, მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებისა მთავარ საკითხებში. ჩვენ თუნდაც იმისთვის ვართ მადლობელი, რომ არ გააფუჭეს ის, რაც ჩვენ უკვე მანამდე ავაშენეთ. კარგი იქნება, რომ საქართველოს მთავრობამაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების კუთხით მადლობა უთხრას იმ გუნდს, რომელმაც მთავარი სამუშაო გასწია. ეს იქნება ელენე ხოშტარია, გია ბარამიძე თუ მთელი ჯგუფი, მათ შორის – თამარ კოვზირიძე, სალომე სამადაშვილი – ამ ხალხმა თავი შეაკლა ამ ყველაფერს. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვუთხრათ მადლობა. არ მინდა, გამოვიდეს ისეთი მდგომარეობა, რაც ერთ ცნობილ ზღაპარშია – დედინაცვალმა კონკია სადღაც გადამალა და კონკიას ფეხსაცმელი თავის ქალიშვილს ჩააცვა და უფლისწულს ეუბნებოდა, ესაა ნამდვილი პრინცესაო. ადგილი უნდა ჰქონდეს დედინაცვლის შვილსაც და კონკიასაც. კონკიას დამალვა არ გამოვა, არც გვერდზე გაწევა“, –  აცხადებს ექსპრეზიდენტი. 

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა უელსის სამიტზე და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე. 

“2012 წელს უნიკალური შანსი გვქონდა. არჩევნების შემდეგ ორთვიანი ფანჯარა იყო, როცა გერმანელებიც და ამერიკელებიც ამბობდნენ, რომ იქნებ, ახლა ინსტიტუციურად წინ წაგწიოთ, იმიტომ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების თავისუფალი ცვლა მოხდა და ეს ძლიერი არგუმენტი იყო. ერთადერთი, რასაც ითხოვდნენ, პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ბრიუსელში ერთად ჩასვლა და ამაზე განაცხადის გაკეთება იყო. მაშინ ეს არ მოინდომა მთავრობამ, მათთვის გასაგები და ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო. მიუღებელია ის განცხადებები, რომ ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ვინც ხვდება NATO-ს წარმომადგენლებს, აცხადებს, რომ საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზად არ არის. საქართველო 10-ჯერ უფრო მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის, ვიდრე ბევრი ახალი წევრი, საქართველომ ბევრად მეტი სისხლი დაღვარა იმისთვის, რომ ეს მზადყოფნა დაედასტურებინა, ვიდრე ნებისმიერმა მათგანმა. დღეს უკრაინას იმ მომზადების ჯარი რომ ჰყოლოდა, რაც საქართველოს ჰყავდა, რუსეთი მას თითსაც ვერ დააკარებდა, მაგრამ საქართველო გაცილებით პატარა ქვეყანა იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ NATO-ში გაწევრიანებისთვის. ახლა გამოგვიცხადეს, რომ აი, სტრატეგიულ დიალოგს დავიწყებთო თქვენთან, აი, რაღაცაში ჩაგრთავთო. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, სადილზე მაგიდასთან მიწვევის ნაცვლად, „ჩუპა-ჩუპსს“ გვიდებენ პირში. ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ და საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრათ. პროცესი შენელდა, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობის ბრალი ნაკლებადაა”, – ამბობს სააკაშვილი. 

 

კომენტარები