საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

TI-ს ანგარიში შემომწირველებსა და შესყიდვებში გამარჯვებულებს შორის კავშირზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ პოლიტიკური პარტიების შემომწირველებსა და სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებულ კომპანიებს შორის კავშირის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის თებერვლამდე ქართული ოცნების დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გამარტივებული შესყიდვებით 11 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა - 400 ათასი ლარი. ხოლო, ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობის შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მიღებული გამარტივებული შესყიდვები 344 ათას ლარს შეადგენს. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გაზრდილია მმართველი პარტიის შემომწირველთა რაოდენობა.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი კონტრაქტი ქართული ოცნების შემომწირველთა კომპანიებმა მიიღეს, მათ არც ოპოზიციური პარტიების შემომწირველები ჩამოუვარდებიან. ის ტენდენცია, რომელიც ფიქსირდებოდა გასული წლების განმავლობაში, როდესაც თითქმის 99% შემთხვავაში სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის დონორებთან კავშირში მყოფი შემომწირველები იღებდნენ, არ არის შენარჩუნებული. ასევე, არ შენარჩუნდა ის ტენდენცია, როდესაც იურიდიულ პირებთან კავშირში მყოფი შემომწირველები მხოლოდ სახელისუფლებო პარტიებს წირავდნენ თანხებს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ იურიდიული პირები და მათთან კავშირში მყოფი კომპანიები ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობებს ახორციელებენ. თუმცა, მმართველი კოალიციის სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობები მეტია" - აცხადებს TI.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშში მოცემულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს. როგორც აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურიშვილი ამბობს, შედეგები საზოგადოებისთვის ღია იქნება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის საგანი მხოლოდ ის კომპანიები იყო, რომელთა შემოწირულობაც 50 000 ლარს აღემატებოდა.

კომენტარები