საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

TI: 2020 წლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მინიმუმ 120 შემთხვევა დავთვალეთ

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მედიაგარემოს მიმოიხილავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მედიაგარემოს გაუარესებამ საქართველოში შეუქცევადი ხასიათი მიიღო. TI-ის დაკვირვებით, ეს განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხდება.

"ამ დროიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მინიმუმ 120 შემთხვევა დავთვალეთ, რაც ნათელს ხდის, რომ საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა საფრთხის შემცველი გახდა. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც შეშფოთება გამოთქვა ჟურნალისტების უსაფრთხოების გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით". - ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ნიკა გვარამიას საქმეზე და აღნიშნავს, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები საქმეს "პოლიტიკურად მოტივირებულად და ქვეყანაში კრიტიკული მედიის დევნის ნათელ მაგალითად" მიიჩნევენ.

ანგარიშში საუბარია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზეც, რომლის დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, თუმცა თავდასხმის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, მათი იურისტები სასამართლოში 24 დაზარალებული ჟურნალისტის უფლებებს იცავენ.

"სარჩელი მიმართულია  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები". - აღნიშნავს ორგანიზაცია.

კომენტარები