მიხაელ შუმახერი

ნევროლოგი: შუმახერი დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის

შვეიცარიელმა ნევროლოგმა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მიხაელ შუმახერი ტვინის დაზიანებებს სრულად აღიდგენს, უარყო და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ფორმულა ერთის ჩემპიონი, ცხოვრების ბოლომდე დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის. 45 წლის შუმახერი, ორშაბათს, გრენობლის უნივერსიტეტის საავადმყოფოდან, შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანის სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, ალპებში თხილამურებით სრიალის დროს, შუმახერმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც 6 თვე ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. მისი მენეჯერის, საბინე კემის განცხადებით, ფორმულა ერთის ლეგენდა გრძელვადიან რეაბილიტაციის კურსს ლოზანში, სახლთან ახლოს მდებარე კლინიკაში გაივლის.

პარალელურად, შვეიცარიელმა ნევროლოგმა ერიქ რიდერერმა, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან მუშაობს, მედიას მისი სკეპტიკური მოსაზრების შესახებ უამბო.

"პირველ რიგში, ძალიან პოზიტიური გზავნილია, როდესაც ვიღაც ნახევარი წლის შემდეგ კომიდან გამოდის. მისთვის და მისი ოჯახისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, მიხაელ შუმახერი სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ გაივლის და ყოველთვის იქნება დამოკიდებული სხვების დახმარებაზე", - განაცხადა რიდერერმა.

ნევროლოგის თქმით, ''დიდი წარმატება'' იქნება, თუ შუმახერი სამი თვის განმავლობაში დაჯდომას დახმარების გარეშე მოახერხებს, ხოლო ექვს თვეში, ელექტრონული ეტლით იმოძრავებს.

ერიქ რიდერერის პროგნოზი გაიზიარა ფორმულა ერთის ყოფილმა ექიმმა, გარი ჰარტშტეინმა, რომელიც ამტკიცებს, რომ შუმახერი ვერასოდეს შეძლებს თავის ტრავმებისგან აღდგენას.

კომენტარები