NATO-საქართველოს ურთიერთობა

ფანჯიკიძე: NATO-ში გაწევრიანება MAP-ის გარეშეც შეგვიძლია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველო NATO-ს კრიტერიუმებს გარკვეულწილად უკვე აკმაყოფილებს და შესაძლებელია, რომ MAP-ის გარეშეც გაწევრიანდეს ალიანსში. ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადების შეფასებისას უთხრა.

"რასაკვირველია, შესაძლებელია ნატო-ში გაწევრიანება MAP-ის გარეშე. MAP-ი არის ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა მოამზადოს ქვეყანა NATO-ს წევრობისთვის. ჩვენ გვაქვს ორი მექანიზმი, პირველია, NATO-საქართველოს კომისია, მეორე კი, წლიური ეროვნული პროგრამა. ორივე ფორმატში ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ, აქედან გამომდინარე, საქართველო კრიტერიუმებს გარკვეულწილად უკვე აკმაყოფილებს და სრულიად შესაძლებელია, რომ MAP-ის გარეშეც მოხდეს მისი გაწევრიანება", - თქვა ფანჯიკიძემ.

კითხვას, MAP-ის გარდა, რა მექანიზმით შეიძლება იყოს აისახოს საქართველოს პროგრესი უელსის სამიტზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არასაჯაროდ.

"როგორც გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, არსებობს ბევრი გზა იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი ადეკვატურად იყოს ასახული. თუ რა გზებია ეს, ამაზე ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, ეს ჯერჯერობით, არ ექვემდებარება საჯარო განხილვას. ალიანსის წევრი ქვეყნები ამაზე მსჯელობენ. არსებობს სხვადასხვა საშუალებები, თუ როგორ შეიძლება ეს პროგრესი აისახოს და ეს აუცილებლად მოხდება უელსის სამიტზე", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, NATO-ს წევრი ქვეყნები უელსის სამიტზე ხაზს გაუსვამენ იმას, რომ საქართველო კარგი პარტნიორია. როგორც მერკელმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, ამის გამოსახატად, MAP-ის გარდა, სხვა შესაძლებლობებიც არსებობს. გერმანიის კანცლერმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ MAP-ის მინიჭების საკითხი NATO-ს უელსის სამიტის თემა არ იქნება.

ამასთან, 30 მაისს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა NATO-ს გაფართოების დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი და ამ გზაზე, უელსის სამიტზე მიენიჭოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). დეკლარაციას ასამბლეის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ასამბლეამ განაცხადა, რომ NATO-ს გაფართოება არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ქვეყნებისთვის და პირიქით, ხელს უწყობს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას.

კომენტარები