სანდრო გირგვლიანის საქმე

სასამართლომ დათა ახალაიას საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულ დათა ახალაიას საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარე პროცესის გადადებას ითხოვდა იქამდე, სანამ არ გაირკვეოდა დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხი. თუმცა პროკურატურამ საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა ითხოვა. ბრალდების მხარის შეფასებით, ადავოკატებმა არაერთხელ გადადეს პროცესი გამოუცხადებლობის ან დაუზუსტებელი მიზეზები გამო, რაც საქმის გაჭიანურებას ემსახურება. პროკურორების თქმით, თუ დათა ახალაიას საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოფა, საქმის განხილვას ხელი არ შეეშლება. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პროკურატურის სწორედ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით კი, ახალაიას საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა პროკურატურას იმ მოტივით აძლევს ხელს, რომ ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია.

"ხელისუფლებას არ აწყობს ახალაიას საქმის განხილვა, რადგან არ აქვს მტკიცებულებები. ამას ემსახურება სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება. მე მოვითხოვ, რომ გამოაქვეყნონ ოქროყანის ეპოზოდი და სასამართლო სამედიცინო დასკვნები. ამის შემდეგ საზოგადოება მიხვდება, ვინ მოკლა სანდრო გირგვლიანი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, მოსამართლე დავით მგელიაშვილის მიუკერძოებლობაში ეჭვი ეპარება სანდრო გირგვლიანის მამას. გურამ გირგვლიანის თქმით, მოსამართლე დღემდე ცდილობდა საქმის ხელოვნურად გაჭიანურებას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით.

"ჩვენ ვაპირებდით მისი აცილების საკითხის დაყენებას. ალბათ მიხვდა და დღეს ამიტომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დათა ახალაიას საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

მისი თქმით, მოსამართლე მგელიაშვილის ობიექტურობაში იმ მოტივითაც ეპარება ეჭვი, რომ მან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ბაჩო ახალაიას და დავით კეზერაშვილის მიმართ.

"მე მაინც მგონია, რომ ეს მოსამართლე იმათი კაცია. თუმცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით, პროცესები აღარ გაჭიანურდება. მან პროცესები კვირაში სამჯერ ჩანიშნა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - აღნიშნა გირგვლიანმა.

კომენტარები