სანდრო გირგვლიანის საქმე

გირგვლიანის საქმე და მოსამართლე მურუსიძე - შალვა შავგულიძე ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

შალვა შავგულიძე
რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

შალვა შავგულიძე, თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო საარჩევნო ბლოკის კანდიდატი პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. 

ივანიშვილმა 9 აპრილს ტვ იმედის გადაცემაში საუბრისას სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის გასამართლებლად თქვა, რომ მურუსიძე საქმეს პირველ ინსტანციაში ვერ დააბრუნებდა, რადგან გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 

შავგულიძემ 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებულ მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი სასამართლო სისტემაში შენარჩუნება, რომ ამისთვის სიცრუესა და ცილისწამებასაც კი არ ერიდება. 

შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რითიც ივანიშვილის საქციელი იხსნება მთაწმინდის შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. შავგულიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში და აღარაფერს ერიდება მისი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. 

რატომ არ გაასაჩივრა შავგულიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში

"მაშინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო მოეთხოვა არც მსჯავრდებულის ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება დანაშაულში სხვა პირთა მხილების მიზნით. ანუ ჩვენ არ შეგვეძლო სააპელაციო სასამართლოში დაგვეყენებინა ის მოთხოვნები, რომლებიც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის და დაზარალებული მხარის დაცვის ინტერესებს შეესაბამებოდა. 

ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ მსჯავრდებულებისათვის მათი ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში დასრულდებოდა და ჩვენ აღარ გვექნებოდა არც საკასაციო ინსტანციაში და არც სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება. 

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გავასაჩივრებდით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციოში, არსებობდა ორი შესაძლო ვარიანტი. 

პირველი - თუ სააპელაციო საჩივარს შეიტანდა ან პროკურორი, ან რომელიმე მსჯავრდებული, მაინც ჩვენ, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელი, სუბსიდიური ბრალმდებელი, სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვაში და გვექნებოდა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო სასამართლოში გაგვესაჩივრებინა, მოვლენები სწორედ ასე განვითარდა. 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არც პროკურორი და არც მსჯავრდებული პირველი ინსტანციის განაჩენს არ გაასაჩივრებდა სააპელაციოში, საქმე ადგილობრივ სამართალწარმოებაში დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვრჩებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპული კონვენციის მე-13, მე-6 და მე-2 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, ესენია უფლებაეფექტურ ზომაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის უფლება, მიგვემართა ევროპული სასამართლოსთვის. 

შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პირველ ინსტანციაში მიღებული განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციო სასამართლოში, რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა მაინც. 

შემდგომში ევროპის სასამართლოსადმი ჩვენი საჩივრის 14.29 პუნქტში ჩვენ ავხსენით, თუ რატომ არ გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციოში. დავასაბუთეთ, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანცია არაეფექტური იყო მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის და დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დაცვისათვის და ევროპის სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, დასაშვებად ცნო ჩვენი სარჩელი და არსებითად განიხილა იგი. იხილეთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების პუნქტი 173. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის სასამართლო კონვენციის 35.1 მუხლის შესაბამისად დაუშვებლად ცნობდა ჩვენს საჩივარს მომჩივნის მიერ ყველა შიდა სახელმწიფოებრივი ეფექტური საშუალებების ამოწურვის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო. 

დაზარალებულის დაცვის ჩვენ მიერ არჩეული ტაქტიკის სისწორე გირგვლიანის საქმეზე ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არის დადასტურებული" - ამბობს შავგულიძე. 

შეეძლო, თუ არა მოსამართლე მურუსიძეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება და საქმის დაბრუნება ხელახალი სასამართლოს განხილვისთვის

"რა თქმა უნდა, შეეძლო და, აი, რატომ: 

საკასაციო ინსტანციის წინაშე ჩვენ დავაყენეთ ერთადერთი მოთხოვნა, მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიების და ქვემდგომ ინსტანციებში სასამართლო განხილვების არასრულად, არაობიექტურად და ტენდენციურად ჩატარების გამო ხელახალი სასამართლო განხილვისათვის საქმე დაბრუნებულიყო სააპელაციო ინსტანციაში. 

ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში საკასაციო სასამართლოს არანაირად ხელს არ უშლიდა ის გარემოება, რომ ჩვენ სააპელაციო ინსტანციაში საჩივარი არ გვქონდა წარდგენილი, ვინაიდან საჩივრის არწარდგენა ჩვენ არ გვართმევდა უფლებას, ვიმეორებ, როგორც სუბსიდიურ ბრალმდებელს სრულფასოვანი მონაწილეობა მიგვეღო სააპელაციო პროცესში. როგორც ბრალდების მხარის სხვა წარმომადგენლის, პროკურორის სააპელაციო საჩივრის, ისე მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივრების განხილვისას, რაც ჩვენ განვახორციელეთ კიდეც და მივიღეთ სააპელაციო პროცესში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საჩივარი იქ არ იყო წარდგენილი. 

ჩვენ ასევე უფლება გვქონდა სააპელაციო ინსტანციის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაგვესაჩივრებინა, თუ ამას საჭიროდ ჩავთვლიდით და იქ სათანადო მოთხოვნები დაგვეყენებინა, რაც ასევე განვახორციელეთ კიდეც" - ამბობს შავგულიძე. 

კომენტარები