თავდასხმა ზურაბ ჭიაბერაშვილზე

საია: ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო-საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული. საია აღნიშნავს, რომ მსგავსი ძალადობრივი ფაქტები მიუღებელია და სახელმწიფოს მხრიდან სწორ, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.

"გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ასეთი ქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში ზრდის დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებას. მოვუწოდებთ ყველას, წინასაარჩევნო პერიოდში უარი თქვან პროტესტის ძალადობრივი ფორმით გამოხატვაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა" - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ. ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხეს, ხოლო ჭიაბერაშვილს დაზიანება თავის არეში მიაყენეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიორგი მგელაძე იყვნენ.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები