თავდასხმა ზურაბ ჭიაბერაშვილზე

თეა წულუკიანი ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმას გმობს

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმას გმობს და სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს. მომხადართან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა კომისიის 29 მაისის სხდომაზე განსაკუთრებული განხილვის საგანი იქნება.

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე კატეგორიულად გმობს საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელზე განხორციელებულ თავდასხმას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისაკენ. უწყებათაშორისი კომისია კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, კიდევ ერთხელ შეახსენებს არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს კომისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და კანონმორჩილება. არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ფიზიკური ანგარიშსწორების გზით ზეგავლენა მოახდინოს მშვიდობიან და თანასწორუფლებიან გარემოზე, რაც სამართლიანი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საკითხი კომისიის 29 მაისის სხდომაზე განსაკუთრებული განხილვის საგანი იქნება", – ნათქვამია თეა წულუკიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ. ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხეს, ხოლო ჭიაბერაშვილს დაზიანება თავის არეში მიაყენეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიორგი მგელაძე იყვნენ.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები