ვანო მერაბიშვილის საქმე

ხიდაშელი: მოროშკინამ მერაბიშვილზე განცხადების გაკეთება დააგვიანა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელისთვის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით ლალი მოროშკინას განცხადება არადამაჯერებელია. როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი მოროშკინამ ამის შესახებ რაიმე იცოდა, სათანადო განცხადება რამდენიმე თვის წინ უნდა გაეკეთებინა.

"თუკი ლალი მოროშკინა ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობდა, მან ძალიან დაიგვიანა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უნდა განეცხადებინა. არ ვიცი, რატომ ამბობს იმას, რასაც ამბობს, რა მოტივაცია აქვს და რამ გამოიწვია ეს, მაგრამ ცოტა არადამაჯერებლობას იძენს, როცა ქვეყანაში ასეთი ამბავია და 5-7 თვის შემდეგ გახსენდება, რომ ასეთი რამ იცოდი", - უთხრა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, ხიდაშელი ამბობს, რომ "საგამოძიებო კომისია ვიღაცების ცუდ სიზმრებთან დაკავშირებით, არ იქმნება".

ცნობისთვის, 10 მაისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ 2013 წლის დეკემბერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებზე მაღალი ხელფასები გაიცა. მათი შეფასებით, პრემიებით ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის გამო, სად-ის თანამშრომლების დუმილი იყიდეს. ბოლო დღეებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი ლალი მოროშკინა სად-ის ხელმძღვანელს დიმიტრი დარბაისელს დაუპირისპირდა და განაცხადა - "პატარა ბავშვმაც იცის, რომ მერაბიშვილი ციხიდან ნამდვილად იყო გაყვანილი".

ამასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოძიების დაწყებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გასული წლის 17 დეკემბერს, ღამით საკნიდან გაიყვანეს და მთავარ პროკურორს შეახვედრეს, რომელიც მას დაემუქრა.

კომენტარები