ვანო მერაბიშვილის საქმე

ვინ არის ხელისუფლების დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი მერაბიშვილის საქმეში

პროკურატურამ ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი, დანიელ ჟან ზაპპელლი ჩართო.

დანიელ ჟან ზაპპელლის კანდიდატურა პროკურატურამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავად წარუდგინა. 

ვინ არის დანიელ ზაპპელლი?

დანიელ ზაპპელლი 2002-12 წლებში ჟენევის კანტონის გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ის შვეიცარიაში წინააღმდეგობრივ ფიგურად ითვლება, რომლის პროფესიული კეთილსინდისიერების მიმართ მის სამშობლოში სერიოზული ეჭვები არსებობდა, რის გამოც მის წინააღმდეგ შვეიცარიის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული იყო დისციპლინური წარმოებაც. ამავდროულად, დანიელ ზაპპელლი იყო ჟენევის პირველი გენერალური პროკურორი, რომელმაც თანამდებობა დატოვა. 

ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელსაც ზაპპელლი იძიებდა, ე.წ ანგოლაგეიტის საქმეა. საქმე 2000 წელს აღიძრა და ანგოლისთვის საერთაშორისო ემბარგოს გვერდის ავლით, 790 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების მოწოდებას ეხებოდა.

დანიელ ზაპპელლის ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის არასათანადოდ იძიებდა ამ საქმეს და მისი პროფესიული უნარების ნაკლებობამ საქმის საბოლოო გამოძიების ხელოვნური გაჭიანურება გამოიწვია. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოქმედ გენერალურ პროკურორს უჩივლა. საბოლოოდ, ზაპპელლი ამ საქმეში შვეიცარიის სასამართლომ გაამართლა 2011 წლის აპრილში. თუმცა, იმავე წლის ოქტომბერში მასზე დაქვემდებარებული 4 პროკურორი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მათ ზაპპელლის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი "დამაბნეველი სისხლისსამართლებრივი" მიდგომები დაასახელეს. ამ ფონზე, 2011 წლის 7 ნოემბერს ზაპპელლიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. თანამდებობა ოფიციალურად 2012 წლის 31 მარტს დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. 

ბელგიური დამოუკიდებელი მედიის, DeWereldMorgen-ი 2011 წელს დენიელ ზაპპელლის შესახებ წერდა

"დენიელ ზაპპელლი შვეიცარიაში ძალიან წინააღმდეგობრივ ფიგურად განიხილება. მას ედავებიან იმ საქმეების დაუდევრად წარმოებას, რომლებიც ფულის გათეთრებას ეხება, მათ შორის ერთ-ერთია პაკისტანის პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული საქმე", ან საქმეები, რომლებსაც ის დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, მათ შორის, იყო პიერ ფალკონეს საქმე ანგოლაგეიტის სკანდალში". 

ამასთან, ფრანგული გამოცემა Le Nouvel Obs 2009 წლის ნოემბერში წერდა, რომ ერთ-ერთი ჩხრეკისას აღმოჩენილი ჩანაწერი აჩვენებდა, რომ ზაპპელლის, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა ანგოლაგეიტის საქმეში ბრალდებულების ადვოკატებთან. ბრალდების მიხედვით, თანამშრომლობის მიზანი იყო, ზაპპელლის საქმის გამოძიება გაეჭიანურებინა. 

"მაშინ, როდესაც გამოძიება საკმაოდ წინაა წასული, ის ქვეყანაში სკანდალის საფუძველი გახდა, იმ ჩანაწერის გამო, რომელიც ერთ-ერთი ჩხრეკისას იპოვეს. ჩანაწერი, რომელსაც ხელს ფრანგი ადვოკატი, კლოდ რიჩარდი აწერს, ხაზს უსვამს სავარაუდო კავშირებს ჟენევის გენერალურ პროკურორ, დენიელ ზაპპელლისა და [ანგოლაგეიტის საქმეში] ეჭვმიტანილთა ადვოკატებს შორის". 

რაც შეეხება ე.წ ანგოლაგეიტის საქმეს, მასში სხვა ბიზნესმენეთან ერთად არკადი გაიდამაკიც ფიგურირებდა, რომელსაც საფრანგეთის სასამართლომ იმავე საქმეზე 2009 წელს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ის გამოძიებას ჯერ ისრაელში, შემდეგ კი რუსეთში გაექცა. 2000 წელს, როცა მის წინააღმდეგ შვეიცარიაში გამოძიება დაიწყო, მან ცოტა ხნით ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბანკის – როსიისკი კრედიტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ გაიდამაკის დანიშვნის დროს არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ის იარაღის კონტრაბანდაში იყო ეჭვმიტანილი. 

არკადი გაიდამაკის ისტორია აქ არ სრულდება. რუსული წარმომავლობის ისრაელელი ბიზნესმენი 2013 წლის 22 ნოემბერს ციურიხში დააკავეს, სადაც ის საარბიტრაჟო დავაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მისი დაკავების მიზეზი ფეხბურთის მწვრთნელის ლუის ფერნანდესის საჩივარი გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ გაიდამაკმა მას კუთვნილი თანხა – 400 ათასი ევრო არ გადაუხადა.

ანგოლაგეიტის საქმეში გაიდამაკთან ერთად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ბიზნესპარტნიორი, ვიტალი მალკინიც ფიგურირებდა. ვიტალი მალკინი ბიძინა ივანიშვილთან ერთად როსიისკი კრედიტის თანამფლობელი იყო

გარდა ამისა, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიხედვით, გაიდამაკი და მალკინი ასევე რუსეთის წინაშე ანგოლის ვალების ჩამოწერის კორუფციულ სქემაშიც მონაწილეობდნენ.

პროკურატურამ დანიელ ზაპპელლიზე ინფორმაციის გავრცელების მიზეზად მედიის მიერ პროცესის "დისკრედიტაციის" საფრთხე დაასახელა. 

"ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება აპირებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით აღნიშნული პროცესის დისკრედიტაციას, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება". – წერია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები