NDI-ის კვლევა

პრეზიდენტი: ივანიშვილის კრიტიკის შემდეგ, ჩემი რეიტინგის დაცემა ბუნებრივია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისდამი კეთილგანწყობის  რეიტინგის შემცირებას ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას უკავშირებს. მარგველაშვილის თქმით, ის საკუთარი რეიტინგის დაცემას ელოდა.

"ჩემთვის აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ჩემი რეიტინგის დაცემა. მე აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი წვლილი ჰქონდა იმ წარმატებაში, რომელიც არჩევნებზე 62%-ის სახით დამიფიქსირდა. ბუნებრივია, რომ ბიძინას კრიტიკის შემდეგ, იმ ადამიანებმა, ვინც მის გამო მიჭერდნენ მხარს, ჩემთან მიმართებაში საწინააღმდეგო პოზიცია დაააფიქსირეს. შესაბამისად, ეს ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივი და მისაღებიცაა", - უთხრა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 46%-ს მოსწონს. 2013 წლის ნოემბერში კი, მისდამი კეთილგანწყობილი NDI-ის კვლევაში მონაწილეთა 72% იყო. 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. ამის შესახებ ივანიშვილმა 18 მარტს, ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა პოლიტიკის დროში ისაუბრა. მისი თქმით, მარგველაშვილთან არაფორმალური ურთიერთობა აღარ აქვს.  ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ "ველოდი უკეთესს, არ დავმალავ. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან".

ამასთან, ივანიშვილს არ მოსწონს, რომ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის გამოყენება დაიწყო. ყოფილი პრემიერის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე იყო სასახლეში შესვლის.

საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს მეორე დღეს უპასუხა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის კომენტარები, შეფასება და დამოკიდებულება მისთვის მნიშვნელოვანია.

კომენტარები