რუსეთის მოქალაქეობა

ზალკალიანი რუსეთის მოქალაქეობის მიღების კანონზე: აუცილებელია კონტრზომები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ კანონს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ადამიანებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას გულისხმობს, ქართველი იურისტები გულდასმით სწავლობენ. როგორც ზალკალიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქართული მხარის მხრიდან აუცილებელია, სამართლებრივი კონტრზომები.

"ეს კანონი ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი იურისტები მას გულდასმით სწავლობენ გამომდინარე იქედან, რომ აუცილებელია გარკვეული სამართლებრივი კონტრზომებით პასუხი", – თქვა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ ვინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას აიღებს, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მყისიერად დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას. 

მისი განმარტებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული კანონი ქართულ კანონმდებლობასთან უნდა შედარდეს. მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ორმაგი მოქალაქეობა გამორიცხულია და "სწორედ აქ უნდა ვეძებოთ პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა გაეცეს ამ კანონს პასუხი".

მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, საუბარი იყო იმაზეც, თითქოს სამცხე-ჯავახეთში დაიწყო რუსული პასპორტების დარიგება, მაგრამ მისი თქმით, ეს ინფორმაცია არ დასტურდება. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ქართული მხარე ამ პროცესს ყურადღებით აკვირდება და აუცილებლად უპასუხებს სამართლებრივი კონტრზომებით.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონში შეტანილ ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ. აღნიშნული ცვლილებები რუსეთის სახელმწიფო დუმამ ჯერ კიდევ 4 აპრილს მიიღო. 

კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივებას. კანონი ეხება პირებს, რომელნიც საუბრობენ რუსულ ენაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოჯახური თუ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, კომუნიკაციისთვის იყენებენ რუსულ ენას. 

აღნიშნული კანონი ასევე ამარტივებს მოქალაქეობის მიღების პროცედურებს მათთვის, ვისი ნათესავებიც ცხოვრობენ ან ადრე ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რუსული ენის ფლობის ხარისხი დადგინდება სპეციალურ საემიგრაციო კომისიასთან გასაუბრების გზით.

იმისათვის, რომ მსურველებმა მოქალაქეობის მიღება შეძლონ, აუცილებელია არსებულ მოქალაქეობაზე უარი თქვან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას მოლაპარაკება აქვს რუსეთის ფედერაციასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები