რუსეთის მოქალაქეობა

რუსეთი თავის პასპორტებს ლატვიაშიც დაარიგებს

gdepoluchaut.ru

რუსეთის ელჩი ლატვიაში აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა ლატვიაში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც ლატვიის მოქალაქეობა არ გააჩნიათ, რუსეთის მოქალაქეობა მისცეს, რათა ისინი „სიღატაკისგან დაიცვას".

ალექსანდრ ვეშნიაკოვმა ინტერვიუ ლატვიის რადიო 4-ს მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ რუსული პასპორტების დარიგება ლატვიაში მცხოვრებ თანამემამულეთა სოციალური დაცვისა და მათი პენსიით უზრუნველყოფის მიზნით მოხდება.

„რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა ლატვიაში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის გამარტივებულია. იმ გაგებით, რომ მათთვის არ არის სავალდებულო ცხოვრება რუსეთის ტერიტორიაზე. ეს კატეგორია თავად ლატვიის სახელმწიფომ შექმნა (რომელმაც მათ მოქალაქეობა არ მოანიჭა)", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

„ამიტომაც რუსეთი, როგორც მათი ისტორიული სამშობლო, მათ მხარდაჭერას უცხადებს და მოქალაქეობას ანიჭებს. რუსეთი ასევე მათთვის პენსიების გაცემისა და ინდექსაციის გარანტიას იძლევა", - აღნიშნა ვეშნიაკოვმა.

ლატვიაში მოქმედი კანონის მიხედვით, ქვეყნის მოქალაქეობა არ მიენიჭათ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ქვეყანაში ჩამოსახლებულ პირებს და მათ შთამომავლებს. მოქალაქეობის მისაღებად მათ ნატურალიზაციის პროცედურა უნდა გაიარონ. ამჟამად ლატვიაში 287 ათასი, ძირითადად რუსული წარმომავლობის, მოქალაქეობის არმქონე პირი ცხოვრობს. სულ ლატვიის მოსახლეობა დაახლოებით 2 მილიონს შეადგენს.

კომენტარები