დიდი ბრიტანეთის პარლამენტი

ლიდინგტონი: საქართველოში მთავრობას ვუმეორებდი, აირიდონ შერჩევითი სამართალი

დიდი ბრიტანეთის მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონს, რომელიც გასულ კვირას საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღევანდელი დებატებისას, პარლამენტარმა მარკ რეკლესმა ჰკითხა - "ჩემი კითხვა გასულ კვირას, ევროპის სახელმწიფო მინისტრის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება - ხედავს თუ არა ის საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტების დევნას პროკურატურის მეშვეობით და იზიარებს თუ არა ის ჩემს უკიდურეს შეშფოთებას ღრმად პატივსაცემი გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარების გამო გასულ პარასკევს?" 

დევიდ ლიდინგტონმა კი უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ყოფნისას პრემიერმინისტრს და სხვა მინისტრებს არაერთხელ, "ძალიან ცხადად უთხრა", რომ შერჩევითი მართლმსაჯულება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

"საქართველოში ყოფნისას, მე არაერთხელ და ძალიან ცხადად ვუთხარი პრემიერმინისტრს და სხვა მინისტრებს ის, რაც საქართველოს ინტერესებში შედის და ბრიტანეთი, ისევე როგორც საქართველოს სხვა მეგობრები, მისგან მოველით. იმის გათვალისწინებით, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, თავიდან უნდა იქნას აცილებული შერჩევითი მართლმსაჯულების აღქმაც კი - ის, რაც უკრაინის წინა რეჟიმის პირობებში ხდებოდა."- უპასუხა ლიდინგტონმა.

კომენტარები