სახალხო დამცველის ანგარიში

იძულებით და გარიგებით გოგონათა ადრეული ქორწინება სახალხო დამცველის ანგარიშში

ombudsman.ge

სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს გოგონათა ადრეული ქორწინება. ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, რაც მოტაცების ან მშობლებს შორის გარიგების შედეგია.

სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის შედეგების მიხედვით, გოგონათა მიერ სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზი ქორწინებაა, რაც ზოგ შემთხვევაში თავად არასრულწლოვნის, რიგ შემთხვევებში - მისი მშობლების გადაწყვეტილებაა. 

ომბუდსმენის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის რაიონის კაბალის თემში. სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის შედეგების მიხედვით, ბოლო პერიოდში 20-ზე მეტი ადრეული ქორწინების შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით მაღალია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, გოგონათა მოტაცება და გარიგებით ქორწინება.

"კაბალის №1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრისას მიღებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ გოგონები დამამთავრებელ კლასებში განათლების მიღებას წყვეტენ და არ დადიან სკოლაში, რადგან დიდია მათი მოტაცების რისკი. 2014 წლის იანვარ-თებერვალში
მოტაცების 3 ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულს ადასტურებს სკოლის დირექტორიც. ერთ-ერთი გოგონას ინფორმაციით: „ჩვენი სოფლიდან ერთი გოგო მამამ 10 ძროხად მიჰყიდა 45 წლის კაცს, ამ გოგოს არ უნდოდა ამ კაცზე გათხოვება და სხვასთან ერთად გაიპარა სახლიდან“. მეორე გოგონა ამბობს: „ჩემს მშობლებს ვეუბნები, თუ ძალით გამათხოვებენ, თავს მოვიკლავ. ამას ყოველდღე ვუმეორებ, რომ არ გამათხოვონ“, - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენის შეფასებით, მთავარი პრობლემაა შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო ყურადღება. მაგალითად, მისი თქმით, კაბალის თემში არ იციან, ვის უნდა მიმართონ ბავშვის უფლების დარღვევის შემთხვევაში. ანგარიშის მიხედვით, გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ, ამ თემში დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია უწყებათაშორისი კოორდინაცია. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია გააქტიურდეს სოციალური სამსახური, პოლიცია და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ანგარიშის მიხედვითვე, ახალგაზრდები ადრეული ქორწინების მიზეზად, ძირითადად, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.

"ერთ-ერთი გოგონას ინფორმაციით, „ჩემი მეგობარი ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობდა, საჭმლის საშოვნელად გარეთ უწევდა სიარული. გათხოვდა და იცის, რომ მომავალი გარანტირებული აქვს, მშიერი მაინც აღარ იქნება“. შემაშფოთებელია, რომ საზოგადოება რიგ შემთხვევებში, თუ ეს აუმჯობესებს გოგონას სოციალურ მდგომარეობას, ამართლებს ადრეულ ქორწინებას, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათ უბრალოდ არ იციან ადრეული ქორწინების რისკების შესახებ", - ნათქვამია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ადრეული ქორწინება, როცა იგი უკავშირდება განათლების მიღების შეწყვეტას და პროფესიის არმიღებას, მთელ რიგ პრობლემებს ქმნის ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რადგან ეს გოგონები მოკლებული არიან დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას. 

"სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული აქტივობები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მასწავლებლების, მშობლებისა და სამართალდამცავი უწყებების ცნობიერების ამაღლებას ადრეული ქორწინებით გამოწვეული პრობლემებისა და ქვეყანაში არსებული სამართლებრივი რეგულაციების შესახებ", - წერია ანგარიშში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგო ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38 000 ერთ დღეს, 13 გოგონა კი, 30 წამში. 

კომენტარები