საქართველო-NATO-ს ურთიერთობა

უსუფაშვილი: NATO-ს სამიტიდან საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს ველით

 „NATO-ს სექტემბრის სამიტიდან ჩვენ საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს ველით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, თუ როგორ იქნება საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება კონკრეტულად ფორმულირებული, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება ჩემთვისაც და ყველა პოლიტიკოსისთვისაც კიდევ ერთი გაკვეთილია იმისა, თუ რაოდენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ჟურნალისტებთან გვაქვს საქმე და პრესკონფერენციებზე საკუთარ მოსაზრებებს გამოვთქვამთ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ამერიკის საელჩოს მხრიდან საჭირო განმარატებები გაკეთდა. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, რაიმე ცვლილება არსებულ ვითარებაში, პრეზიდენტ ობამას განცხადებამდე და განცხადების შემდეგ, არ შესულა, ანუ ამ ფაქტის გამო არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება თავად ჩვენს მცდელობას - NATO-ში ინტეგრაციის პროცესი უფრო დაჩქარდეს, ჩვენ ამას ვაგრძელებთ.

უშუალოდ სექტემბრის სამიტიდან ჩვენ ველით საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ამაზე თანხმდება NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა. კონკრეტულად როგორ იქნება ფორმულირებული საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილება, ამის თაობაზე მიდის მუშაობა. ხვალაც იქნება მსჯელობა ბრიუსელში, მერეც იქნება მინისტერიალზე და უშუალოდ სამიტზე“,  -აცხადებს უსუფაშვილი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრიუსელში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ არც საქართველო და არც უკრაინა, ახლა NATO-ს წევრობისაკენ მიმავალ გზაზე არ დგანან

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა ქართველ ჟურნალისტებთან პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადების შესახებ ისაუბრა. ბრიჯიტ ბრინკის განმარტებით, ბარაკ ობამას კომენტარი შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ამოცანა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებაა და არა ახლავე NATO-ში გაწევრიანება.

კომენტარები