როლანდ ახალაიას საქმე

ახალაიას საკითხზე პარლამენტის რეაგირების შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი

David Usupashvili Official

17 მარტს ცნობილი გახდება, რა რეაგირებას მოახდენს პარლამენტი მთავარი პროკურორის მიმართვაზე, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წევრის როლანდ ახალაიასთვის ბრალის წარდგენის ნებართვას ეხება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”დღეს, 2014 წლის 14 მარტს, საქართველოს პარლამენტში ჩემს სახელზე შემოვიდა საქართველოს მთავარი პროკურორის მომართვა, რომლითაც მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად მოთხოვნილია პარლამენტის თანხმობა პარლამენტის წევრის როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე.

მთავარი პროკურორის წერილში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუცია, კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ და პარლამენტის რეგლამენტი მსგავს შემთხვევაში (განსხვავებით პარლამენტის წევრის დაკავებისა და ჩხრეკისაგან) პარლამენტის თანხმობას არ ითვალისწინებს, რაც 2004 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შედეგია.

პარლამენტის წევრთა და იურისტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო საკითხის კომპლექსური შესწავლა, მათ შორის იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა 2010 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იმ ინსტიტუტის აღდგენა, რომელიც 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით გაუქმდა.

საკითხის წინასწარი შესწავლის შედეგებისა და საქართველოს მთავარი პროკურორის მომართვაზე საქართველოს პარლამენტის შესაძლო რეაგირების თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ ორშაბათს, 17 მარტს ”, - აღნიშნულია უსუფაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წინადადებით მიმართა პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. უწყების ცნობით, "საქმე ეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, მის მიერ ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს". 

პროკურატურის განცხადებით, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, ახალაიამ ბრალდებულთა ახლობლებს 150 000 და 60 000 ლარი ჩაარიცხვინა შპს სანის ანგარიშზე "თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით".

 

 

 

კომენტარები