როლანდ ახალაიას საქმე

მთავარმა პროკურატურამ როლანდ ახალაიას ბრალდება წარუდგინა

მთავარმა პროკურატურამ საპარლამენტო უმცირესობის წევრს როლანდ ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როლანდ ახალაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა დღეს დაკითხვის შემდეგ დატოვა. "სასამართლოზე დავამტკიცებ, რომ უდანაშაულო ვარ", - ამბობს როლანდ ახალაია. 

რაც შეეხება ბრალდების შინაარსს, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: „პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2009 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, მოქალაქე მარინა ესებუას შეხვდა, რომელსაც მის მეუღლესთან, მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით, არარსებული „ანაკლიის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე 150 000 ლარის ჩარიცხვა უკანონოდ მოსთხოვა. ახალაიამ ესებუას საბანკო რეკვიზიტები გადასცა, რომელიც რეალურად  როლანდ ახალაიას ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია „სანის“ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს წარმოადგენდა. მარინა ესებუა იძულებული იყო შემოთავაზებულ პირობას დათანხმებულიყო. მან მეორე დღეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს ,,სანის“ საბანკო ანგარიშზე 150 000 ლარი  შეიტანა,  რომელიც „სანის“ კომერციული მიზნებისათვის  სრულად დაიხარჯა“.

პროკურატურის განცხადების თანახმად, ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში, როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიასა და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, კვლავ მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას ფირმის შპს „სანის“ ანგარიშზე 60 000 ლარი შეეტანათ.

2009 წლის 25 დეკემბერს, როლანდ ახალაიას მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდებულების ახლობელმა პირმა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ „სანის“ საბანკო ანგარიშზე 60 000 ლარი ჩარიცხა. სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმის ანგარიშზე კი საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა ჩარიცხა, რაც საერთო ჯამში 90 000 ლარს შეადგენდა, რის სანაცვლოდაც ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდათ და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელად ჩაეთვალათ.

საქმე ის არის, რომ შპს „სანის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 60 000 ლარი საპროცესო შეთანხმების ოქმში აღრიცხული არ იყო და შპს „სანის“ კომერციული მიზნებისთვის სრულად დაიხარჯა.

„როლანდ ახალაია პირადი დაინტერესებით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მან აღნიშნული ქმედებით მისი, როგორც საოლქო პროკურორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს გადაამეტა, რამაც მოქალაქეთა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის ბრალდებისთვის საქართველოს პარლამენტის თანხმობა საჭირო აღარ არის. საქმეზე ამ დროისათვის გამოძიება გრძელდება. 

კომენტარები