როლანდ ახალაიას საქმე

საია: ინიციატივა დეპუტატის იმუნიტეტის შესუსტების შესახებ, გაუმართლებელია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას დეპუტატის იმუნიტეტის შესუსტებასთან დაკავშირებით გაუმართლებლად მიიჩნევს. საია დავით უსუფაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლებს არაკონსტიტუციურს უწოდებს. საია უარყოფითად აფასებს მის ინიციატივას, არაკონსტიტუციურობის მოტივით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რაც პროკურატურას უფლებას მისცემს, დეპუტატის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა პარლამენტის თანხმობის გარეშე.

"საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია პარლამენტის წევრის დაკავება, დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლი კი კრძალავს დეპუტატისათვის ბრალის წაყენებას პარლამენტის თანხმობის გარეშე. სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება, ბრალდების შესახებ დადგენილების მიღება შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ ბრალდებული არ დაკავონ ან არ დააპატიმრონ. თუკი კონსტიტუცია პროკურატურას დეპუტატის დაკავებას უკრძალავს პარლამენტის თანხმობის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კრძალავს დეპუტატის ბრალდებულად ცნობას (მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დაკავებული). აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი არ აქვს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის ნორმათა კოლიზიას (წინააღმდეგობას), რადგან ნათელია, რომ ეს ნორმები სხვადასხვა საკითხს არეგულირებენ. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ შეიძლება არაკონსტიტუციურად მივიჩნიოთ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს დეპუტატის იმუნიტეტის დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს და საიას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ მაღალი უფლებრივი სტანდარტის დამდგენი კანონმდებლობა არ შეიძლება საქართველოს კონსტიტუციასთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში", - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა მხოლოდ მაშინ, კოდექსს განსხვავებული რეგულირება რომ დაედგინა იმ საკითხზე, რაც პირდაპირ არის კონსტიტუციით გათვალისწინებული.

"მაგრამ, რადგან კონსტიტუცია არ არეგულირებს დაკავების გარეშე პირისათვის ბრალის წაყენების შემთხვევას, კანონმდებლის მიერ ამ საკითხის ნებისმიერი შინაარსით რეგულირება არ წარმოშობს კონსტიტუციურობის პრობლემას (არაკონსტიტუციური იქნებოდა, მაგალითად, პროკურატურას პარლამენტის თანხმობის გარეშე რომ ჰქონოდა დეპუტატის დაკავების შესაძლებლობა). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემომითითებულ ნორმათა მიზანია ის, რომ შეიქმნას დეპუტატის იმუნიტეტის დაცვის დამატებითი გარანტიები, რაც კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ შეიძლება კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს. საია ასევე ვერ დაეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აბსოლუტურ იმუნიტეტს ანიჭებს დეპუტატს. აბსოლუტური არ შეიძლება ეწოდოს იმუნიტეტს, რომლის მოხსნაც შესაძლებელია პარლამენტის თანხმობით. ამასთან, გასათვალისწინებელია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს მოცემული საკითხის მარეგულირებელი ცალკეული რეგულაციები (მაგალითად, არ არის განსაზღვრული თუ რა ვადაში უნდა განიხილოს პარლამენტმა პროკურატურის მიმართვა დევნის დაწყებაზე თანხმობის მიღების შესახებ და ა.შ.). შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება, პარლამენტმა თავისი ძალისხმევა ამ რეგულაციების ნათლად დადგენისკენ მიმართოს და არა დეპუტატის დაცვის მაღალი სტანდარტის შემცველი ნორმების გაუქმებისკენ", - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პარლამენტს როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება და სამართლებრივი პროცედურები არ აქვს. დავით უსუფაშვილი პარლამენტის ბიუროს მიმართავს, რომ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად, კანონპროექტის ინიცირება დაუყოვნებლივ მოხდეს". უსუფაშვილის თქმით, ეს საქართველოს მთავარ პროკურორს საშუალებას მისცემს, ხელოვნური და არაკონსტიტუციური სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე, თავისი უფლებამოსილება განახორციელოს, მათ შორის, როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხში.

„პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე პარლამენტის თანხმობის საკითხის სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ, გაირკვა, რომ:

ა) საქართველოს პარლამენტს არ გააჩნია როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება (კონსტიტუციის 52-ე მუხლი) და სამართლებრივი პროცედურები (პარლამენტის რეგლამენტი, კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ);

ბ) საქართველოს მთავარ პროკურორს არ გააჩნია პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლები);

გ) ამგვარი სამართლებრივი კოლიზიის შედეგად, პარლამენტის წევრს პრაქტიკულად აბსოლუტური იმუნიტეტი ენიჭება - შეუძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა და მტკიცებულებათა უტყუარობისა;

დ) აღნიშნული აბსურდული ვითარების მიზეზია 2010 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლებში შეტანილი ცვლილება (ინიციატორები პ. კუბლაშვილი და ლ.თორდია), რამაც კანონის დონეზე აღადგინა ის ინსტიტუტი, რომელიც 2004 წლიდან გაუქმებული იყო კონსტიტუციის დონეზე. ირკვევა ისიც, რომ აღნიშნული საკითხი არანაირი ფორმით არ ფიგურირებდა კანონპროექტში არც ინიცირების და არც პირველი მოსმენით მიღების დროს და პროექტს ჩაემატა მეორე მოსმენის დროს, რაც საკანონმდებლო პროცესის უხეში დარღვევაცაა“, - აცხადებს უსუფაშვილი და აღნიშნავს, რომ პარლამენტის ბიუროს მიმართავს, რათა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად კანონპროექტის ინიცირება მოხდეს.

„რაც შეეხება პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იგი ამომწურავადაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით (პარლამენტის თანხმობა დაკავებაზე, დაპატიმრებაზე, ჩხრეკაზე) და განუხრელად იქნება დაცული საქართველოს პარლამენტის მიერ“, - ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წინადადებით მიმართა პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. უწყების ცნობით, "საქმე ეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, მის მიერ ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს".

პროკურატურის განცხადებით, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, ახალაიამ ბრალდებულთა ახლობლებს 150 000 და 60 000 ლარი ჩაარიცხვინა შპს სანის ანგარიშზე "თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით".

როგორც როლანდ ახალაიამ განაცხადა, მისთვის ბრალის წაყენების მცდელობა პროვოკაციაა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

"ეს არის ზუგდიდის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომელიც არის ფარცხალაძის განუყოფელი მეგობარი. სინამდვილეში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს თანხა დევს იქ - საპატრიარქოსთვის განკუთვნილი. განმუხურში უნდა გაშენებულიყო მეგრული ოდა პატრიარქის დასასვენებლად. მიწა მოვნიშნეთ მე და ზუგდიდის მეუფემ, ჩასულები ვიყავით, მაგრამ შემდეგ მიწის გამოყოფაც ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. ამაზე თუ არის ბრალდებაში საუბარი, მე ჯერ არ მინახავს", - განაცხადა ახალაიამ.

დეპუტატის განცხადებას საპატრიარქომ უპასუხა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალაიამ ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი სახლის აშენების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნული არ განხორციელებულა.

კომენტარები