რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მაჭავარიანი: ოკუპანტს ისე უნდა ესაუბრო, როგორც ოკუპანტს

ka.wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ოკუპანტს ქვეყნის დეოკუპაციაზე უნდა ესაუბრო. დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრა შეაფასა. 

"ოკუპანტს ისე უნდა ესაუბრო, როგორც ოკუპანტს. უნდა ესაუბრო იმაზე, რომ დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები. უნდა შეასრულოს ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება. თუ მარგველაშვილს გადაწყვეტილი აქვს ამ თემებზე საუბარი, უნდა შეხვდეს და ესაუბროს. ასეთი მზაობა რომ იყოს, ალბათ, გააკეთებდა განცხადებას მარგველაშვილი. არ ვიცი, კუკუ-დამალობანას როდემდე ითამაშებენ. ასეთი შეხვედრა მოუტანს რამეს საქართველოს? მე ეჭვი მეპარება", - განაცხადა მაჭავარიანმა. 

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მზად არის, ქართველ კოლეგას შეხვდეს. ჟურნალისტების კითხვას, შეხვდება თუ არა პუტინი საქართველოს პრეზიდენტს, მან უპასუხა - "თუ მოისურვებს, რატომაც არა".

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის "ვლადიმირ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს". მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.

კომენტარები