გიგი უგულავას საქმე

ეკა ბესელია: როგორც ვიცი, პროკურატურა გიგი უგულავას დაპატიმრებას ითხოვს

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ტვ 3-ის ეთერში, გადაცემა დიდ პოლიტიკაში განაცხადა, რომ პროკურატურა თბილისის მერ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. თავად პროკურატურის განცხადებით კი, ჯერ არ არის გადაწყევტილი, თუ რა ტიპის აღკვეთის ღონისძებას მოითხოვენ.

"როდესაც 40 მილიონის მითვისებაზე არის ლაპარაკი, შეიძლება შენ თავს უფლება მისცე და თქვა, რომ არა, მე აქ ვიდგები და ფეხსაც არ მოვიცვლი? ნებისმიერ ქვეყანაში როცა ეჭვის საფუძველი შეიქმნებოდა საჯარო მოხელის მიმართ და ბრალდებას წარუდგენდნე კორუფციულ დანაშაულში, ან სამოხელეო დანაშაულში, მითუმეტეს როცა მილიონობით ლარის გაფლანგვას ეხება საქმე, პასუხისმგებლიანი თანამდებობის პირი თავად გადადგებოდა და იტყოდა, ჯერ დავამტკიცებ საკუთარ უდანაშაულობას და მერე გავაგრძელებ მუშაობას. სასამართლოს გადასაწყვეტია რა გადაწყევტილებას მიიღებს, როგორც ვიცი, პროკურატურა დაპატიმრებას ითხოვს, ჩვენ არ ჩავერევით სასამართლოში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას აღნიშნულ განცხადებას ფეისბუზე გამოეხმაურნენ საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრები გიორგი კანდელაკი და ირმა ნადირაშვილი. დეპუტატების მოსაზრებით, ბესელიას განცხადება უგულავასთვის წარდგენილი ბრალდების პოლიტიკურ მოტივებზე  მიუთითებს.

"ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, ეს განცხადება ნიშნავს, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება განიხილება პოლიტიკურ დონეზე. ბესელიას განცხადება არის შერჩევითი სამართლის კრისტალური თვითლუსტრაცია. ვანოს "დაკაჩავების" ფიასკო, სოსო ჯაჭვლიანის საპარლამენტო უმრავლესობის დე-ფაქტო ლიდერად აღზევება და თუნდაც დღევანდელი ბენზინის გაძვირება, აშკარად არასაკმარისია პოლიტიკური აზრის ამ გიგანტებისთვის", - მიიჩნევს გიორგი კანდელაკი.

"მაინტერესებს, საიდან იცის ბესელიამ წინასწარ, რას მოითხოვს ხვალ პროკურატურა გიგი უგულავას სასამართლოზე? ეს წინასწარ გამოცხადებული დაპატიმრების ქრონიკაა? ბესელიამ თავისი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას მოქმედი მერის წინააღმდეგ, რომ ნაციონალური მოძრაობის ყველაზე რელური კანდიდატის ირგვლი გადაწყვეტილებებს იღებენ არა პროკურორები, არამედ პოლიტიკოსები", - აღნიშნული მოსაზრება კი საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა ირმა ნადირაშილმა გამოთქვა.

თბილისის მერს 18 დეკემბერს ახალი ბრალდება წაუყენეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება.

საუბარია 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე, რომელიც პროკურატურის განცხადებით, არა თბილისის განვითარებას, არამედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოხმარდა.

კომენტარები