საჯარო სამსახურის შესახებ კანონი

საია: კანონპროექტი ზიანს აყენებს საჯარო სამსახურის სტაბილურობას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კონკურსების ჩატარების გადავადებას ეწინააღმდეგება. საია-მ პარლამენტს წერილობითი დასკვნა წარუდგინა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომლის ავტორი და ინიციატორია დეპუტატი გია ჟორჟოლიანი.

"საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების მოვალეობის შემსრულებლებისათვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებასა და შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ჩატარების ვადების გადაწევას, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს საჯარო სამსახურის სტაბილურობასა და ზოგადად, მის სამომავლო განვითარებას. პირველ რიგში, გვინდა უკმაყოფილება გამოვთქვათ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის დაჩქარებულ ტემპებთან დაკავშირებით. საიამ პარლამენტიდან კანონპროექტი მას შემდეგ მიიღო, რაც კომიტეტებს პირველი მოსმენით ის უკვე განხილული ჰქონდათ. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეს, აღნიშნული სრულიად დაუსაბუთებელია. უახლოეს თვეებში ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში კი, ის გარკვეულ ეჭვებსა და ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დააბრკოლოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებული ვაკანტური თანამდებობების კონსურსის წესით შევსება და უარი უნდა თქვას წინამდებარე კანონპროექტის მიღებაზე", - აცხადებს საია. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა კომიტეტის სხდომაზეც იკამათეს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, საია0ს წარმომადგენელმა კანონპროექტის პრინციპებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა. მას კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის რეგლამენტზე და კანონპროექტის II მოსმენით განხილვის პროცედურებისკენ მიუთითა. საია-ს წარმომადგენელმა კომიტეტის მისამართით საყვედური გამოთქვა და განაცხადა, რომ მას არ მიეცა საშუალება კანონპროექტის პირველ მოსმენას დასწრებოდა, რადგან ინფორმაცია არ მიაწოდეს. მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი რეგლამენტის დარღვევით განიხილა. 

ვახტანგ ხმალაძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს მოუწოდა, პარლამენტის რეგლამენტს უკეთ გაეცნოს.

"თუ თქვენ თვლით, რომ კომიტეტმა დაარღვია კანონი, მაშინ მიმართეთ სასამართლოს. ახლა კი გთხოვთ, გამორთოთ მიკროფონი და ნუ მაიძულებთ, სხდომა დაგატოვებინოთ", - მიმართა ხმალაძემ საია-ს წარმომადგენელს.

კომენტარები