წინასაარჩევნო კვლევები

ფსიქოპროექტი: 67% ფიქრობს, რომ არჩევნებში მარგველაშვილი გაიმარჯვებს

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ფსიქოპროექტმა ქართული ოცნების დაკვეთით კიდევ ერთი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. კითხვაზე "მიუხედავად თქვენი არჩევანისა, როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში", - 67% ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, 7% ფიქრობს, რომ - დავით ბაქრაძე, ხოლო 5%-ის აზრით - ნინო ბურჯანაძე.  გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ არჩევნებში გიორგი თარგამაძე გაიმარჯვებს, ასევე 1% ფიქრობს, რომ შალვა ნათელაშვილი გაიმარჯვებს, პასუხზე უარი თქვა 1%-მა, კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 18%-ს.

რაც შეეხება მხარდამჭერას, კვლევის თანახმად, მარგველაშვილს გამოკითხულთა 57,6%, ბაქრაძეს – 11,8%, ბურჯანაძეს კი - 7,1% უჭერს მხარს.

კვლევა კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის დაკვეთით 13-18 ოქტომბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1 607 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის სტანდარტული მეთოდით. ცენტრის ცნობით, სტატისტიკური ცდომილების ზღვარი 3,5%-ია.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ფსიქოპროექტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა 1-ლ ოქტომბერსაც გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი 56,1% იყო. ბაქრაძეს კი მხარს ფსიქოპროექტის მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 11,9% უჭერდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ფსიქოპროექტს მაშინაც კოალიცია ქართულმა ოცნებამ შეუკვეთა და მისი შედეგების პრეზენტაცია ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ ბიგვავამ გამართა.

კომენტარები