წინასაარჩევნო კვლევები

GQRR: მარგველაშვილს 43%, ბაქრაძეს - 23%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით, ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ Greenberg Quinlan Rosner Research-მა წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა. კომპანიამ 1 477 ადამიანი პირისპირი ინტერვიუს სახით 5-11 ოქტომბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოკითხა. კვლევის ცდომილების ხარისხი 2-3%-ია. გამოკითხვის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მაღალი ალბათობით აუცილებელი იქნება მეორე ტურის გამართვა. მეორე ტურის შემთხვევაში, მასში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი (მას საერთო გამოკითხულთა 43% და  არჩევნებში სავარაუდოდ მონაწილეთა 48% აძლევს ხმას) და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარე დავით ბაქრაძე (23%). კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 18% საკუთარ არჩევანს არ აფიქსირებს.

ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ - Greenberg Quinlan Rosner Research-მა კვლევა ოქტომბრის დასაწყისშიც გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, დასახელებულთაგან რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, 43% გიორგი მარგველაშვილს ასახელებდა, 22% - დავით ბაქრაძეს, 8% - ნინო ბურჯანაძეს, გამოკითხულთა 17%-ს კი გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ფსიქოპროექტმა ქართული ოცნების დაკვეთით კიდევ ერთი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. კითხვაზე "მიუხედავად თქვენი არჩევანისა, როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში", - 67% ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, 7% ფიქრობს, რომ - დავით ბაქრაძე, ხოლო 5% -ის აზრით, ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, გამოკითხულთა 1% ფიქრობს, რომ არჩევნებში გიორგი თარგამაძე გაიმარჯვებს, ასევე 1% ფიქრობს, რომ შალვა ნათელაშვილი გაიმარჯვებს, პასუხზე უარი თქვა 1%-მა, კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 18%-ს.

კომენტარები