საოკუპაციო რეჟიმი

ზალკალიანი: ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოთ თავისუფლად გადაადგილების უფლება

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დადგენილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, 18 სექტემბრიდან, საოკუპაციო ხაზზე ტრანსპორტის გადაადგილება შეწყდება, ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მაშინვე აცნობა. როგორც ზალკალიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს საგარეო უწყება პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

"მე პირადად მივწერე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რომ ცხინვალის მხრიდან იგეგმებოდა კიდევ ერთი დესტრუქციული მცდელობა - დაბრკოლება შეუქმნან ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების მხრივ. ჩვენი ქმედება მიმართულია იქით, რომ რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს საერთაშორისო თანამეგობრობა და მათი მხრიდან მოხდეს ზემოქმედება. ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოთ თავისუფლად გადაადგილების უფლება", - აღნიშნა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან კონკრეტული შეზღუდვა ცნობილი ჯერ არ არის.

"ისინი ცვლიან თავიანთ პირობებს. ამიტომ საბოლოდ რა წინაპირობები იქნება, ჯერ ცნობილი არ არის", - ამბობს დავით ზალკალიანი.

ცნობისთვის, დაახლოებით ორი თვის წინ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 18 სექტემბრიდან საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, მოსაბრუნში, პერევსა და სინაგურში უკანონოდ შექმნილ გამშვებ პუნქტებში შეწყდება ყოველგვარი ტრანსპორტის გადაადგილება. ადგილობრივ მოსახლეობას ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ფეხით მოუწევს. ასევე, აიკრძალება ტვირთების გადაზიდვა. მკაცრად გაკონტროლდება პირადი ბარგის გადატანა, თითოეულ პირს 50 კგ-ის ოდენობის ტვირთის გადატანის უფლება ექნება. ხელბარგის ღირებულება კი, 65 ათას რუბლს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, შეზღუდვები დაწესდება საკვები პროდუქტების გარკვეულ კატეგორიაზე.

 

კომენტარები