რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუმინეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, რუსული დრონი ჩამოაგდო

რუმინული F-16

რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ რუმინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა.

"დღეს დილით, 10:13 საათზე, რუმინეთის საჰაერო ძალების F-16-მა რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში, სულინა-კილიის რაიონში, კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდო" - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

დანმა აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, პარასკევს დილით ჩამოგდებული დრონი შაჰედის ტიპის იყო, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

შაბათსა და კვირას ჩამოგდებული დრონების გამოძიება კვლავ გრძელდება.

"რუმინეთის დიპლომატიური პროტესტი რუსეთის ფედერაციის მიმართ ამ გამოძიებების შედეგებს დაეფუძნება" - აღნიშნა ნიკუშორ დანმა.

"დაუშვებელი და მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ არღვევს რუმინეთის საჰაერო სივრცეს, რომელიც ამავე დროს NATO-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეცაა. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ჩვენ მათ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად სრული სერიოზულობით ვეკიდებით" - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები