ტერორისტული აქტის მცდელობა

სასამართლომ კადიევსა და ომაროვს გირაოს შეფარდებაზე უარი უთხრა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდებაზე უარი უთხრა იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულებს, მიკაელ კადიევსა და რიზვან ომაროვს.  

ბრალდებულების ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედებათ ბრალი, რომელიც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაგრამ, ის ფაქტი, რომ მოსამართლემ 10 000-ლარიანი გირაოთი მათი პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მიუთითებს, რომ კადიევსა და ომაროვს იარაღი ჩაუდეს.

"მასალებით ჩანს, რომ პოლიციელები 10-15 წუთის განმავლობაში დასეირნობენ ოთახში, სადაც არ უშვებენ იქ მყოფ ამ ორ ადამიანს და როგორც უნდოდათ ისე ჩაალაგეს იარაღი. ამ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა არ იქნა შეცვლილი გირაოთი, როდესაც გაცილებით მძიმე დანაშაულებზე უფარდებენ პირებს გირაოს პროკურატურის შუამდგომლობით. ეს იმას ადასტურებს, რომ პიარი, რომელიც მათ დაიწყეს, გამართლდეს. კერძოდ, ეს ადამიანები დააკავეს თითქოს ტერორისტობის ბრალდებით და იმისათვის, რომ რაღაცას ამზადებდნენ. ახლა კი ცდილობენ თავი გაიმართლონ და გაამყარონ ის ვერსია, რომლითაც ეს ადამიანები დააკავეს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით დაკითხვაც ითხოვეს.

"ჩვენ დაგვაკავეს და 11 დღე ამბობდნენ, რომ ტერორისტები ვიყავით, მაგრამ მადლობა ღმერთს, გაირკვა, რომ არ ვყოფილვართ, ახლაც ღმერთის იმედი გვაქვს. ყურანში წერია, რომ მოვა სიმართლე და გაქრება სიცრუე. მე არ ვცრუობ, რადგან პატივს ვცემ ალაჰს და ასევე, პატივს ვცემ ქრისტეს. სიმართლის დასამტკიცებლად მზად ვარ ჩემს თავზე ავიღო ყველა ხარჯი და დამკითხონ სიცრუის დეტექტორზე იმათთან ერთად, ვინც იარაღის ამოღებაში მონაწილეობდა", - განაცხადა კადიევმა სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რომელიც მანამდე შსს-მ ტერაქტის მცდელობისთვის დააკავა. თუმცა, როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, რიზვან ომაროვსა და მიკაელ კადიევს, რეალურად, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შენახვა ედებოდათ ბრალად.

კადიევისა და ომაროვის საქმის არსებითი განხილვა 13 აგვისტოს დაიწყება.

კომენტარები