ტერორისტული აქტის მცდელობა

ზაურ ქორთოშიძე: ჩემი და სააკაშვილის დაკავშირება არასწორია

RFE/RL

ავიაკომპანია თუშეთის დირექტორი აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა:

"ჩემი და სააკაშვილის დაკავშირება არასწორია. მე არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ შევარდნაძის, პატიაშვილის და ძალიან ბევრის მფრინავი ვიყავი. მე არ ვემსახურები სააკაშვილს, მე ვემსახურები საქართველოს", - ამბობს ზაურ ქორთოშიძე სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.

ამასთან, ავიაკომპანიის დირექტორი უარყოფს, რომ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული მიკაილ კადიევი დაკავების დროს მის სახლში ცხოვრობდა. ქორთოშიძის თქმით, მას ამ უკანასკნელთან მხოლოდ შორეული ნაცნობობა აკავშირებდა და შს სამინისტროსა და მედიის მიერ გავცელებული საპირისპირო ცნობა დეზინფორმაციაა.

ქორთოშიძე ასევე უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობას იმის შესახებ, რომ ის წარმოშობით ქისტია. ავიაკომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ მამამისი წარმოშობით დაღესტნელია, თავად კი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.

მისივე თქმით, მიკაილ კადიევი მამამისის დაღესტნელი ახლობლის შვილია და პირველად 2011 წელს შეხვდა. ამავე პერიოდში კადიევი 3 კვირის მანძილზე ქორთოშაძის შვილის ბინაში ცხოვრობდა, შემდეგ კი სხვაგან გადავიდა.

"არასწორია ინფორმაცია, თითქოს კადიევი ჩემს სახლში ცხოვრობდა, მას მხოლოდ სამჯერ ვარ შეხვედრილი, ისიც დახმარების მიზნით. მამაჩემის ახლობლის ახლობელმა ასევე გვთხოვა, რომ სანამ მისი შვილი მოეწყობოდა, თანხით დავხმარებოდი და 150 დოლარი მიმეცა. ერთხელ ამ მიზნით შევხვდი, მეორედ ჩემი შვილის სახლში, ხოლო ბინა მას ჩემმა მძღოლმა 2012 წლის ბოლოს ან 2013 წლის დასაწყისში აშოვნინა. ჩემს მძღოლს იგი თავად დაუკავშირდა და შავი ზღვის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში გადავდა საცხოვრებლად", - ამბობს ზაურ ქორთოშიძე.

ქორთოშიძის თქმით, კადიევი ფალავანთა კლუბში ვარჯიშობდა, ერთ-ერთი შეხვედრის დროს კი კადიევმა ნაცნობ მოჭიდავეებს შორის ლუკა კურტანიძე მოიხსენია:

"მითხრა, რომ ფალავანთა კლუბში კურტანიძე და ვიღაც მოჭიდავეები ჩამოდიოდნენ და მათ იქიდან იცნობდა. ასევე მითხრა, რომ ისინი შეჯიბრებებს მართავდნენო", - ამბობს ზაურ ქორთოშიძე.

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ უნახავს მიკაელ კადიევი, ხოლო ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული ომაროვის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, 14 ივნისს შსს-მ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ტერორიზმის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მიკაელ კადიევს ნაცნობობა აკავშირებს პრეზიდენტის პირად მფრინავთან, ზაურ ქორთოშიძესთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ქორთოშიძეების კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა. ტერორიზმში ბრალდებულთან პრეზიდენტის დაკავშირებას მალევე გამოეხმაურნენ მისი ადმინისტრაციიდან - ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ მსგავს კავშირზე საუბარი პროვოკაციაა. ქორთოშიძე უკვე დაკითხეს.

მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი შსს-მ ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობისთვის დააკავა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

 

კომენტარები