ტერორისტული აქტის მცდელობა

კადიევს და ომაროვს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რომელიც 13 ივნისს შსს–მ ტერაქტის მცდელობისთვის დააკავა. თუმცა, როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, რიზვან ომაროვი და მიკაელ კადიევი რეალურად იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შენახვაში არიან ბრალდებულები.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ომაროვსა და კადიევს ბრალი გააცნო, საიდანაც გაირკვა, რომ მათი დაკავების საფუძველი გახდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას მოიცავს. ეს დანაშაული ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას წარმოადგენს და ითვალისწინებს ან ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატი ირმა ინასარიძე იცავს. ადვოკატმა გააპროტესტა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან დაკავშირებით შსს–ის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია, ხოლო მოსამართლეს მოუწოდა არ გაეთვალისწინებინა აღნიშნული ინფორმაცია აღკვეთის ღონისძიების შერჩევის დროს. 

ბრალდება სასამართლო პროცესზე ომაროვისა და კადიევის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა. პროკურატურა ამას ბრალდებული პირების მიმალვის საფრთხით ხსნიდა. ადვოკატი კი 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას სთხოვდა სასამართლოს.

პროცესზე ორივე ბრალდებულსაც მოუმინეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ წარმოდგენა არა აქვთ საიდან გაჩნდა მათ საცხოვრებელ ბინაში საბრძოლო მასალა და იარაღი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. 

"აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 6 თვიდან 3 წლამდე ვადით, მიიჩნია რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, შესაბამისად, მათ გააჩნიათ კავშირები საზღვარგარეთ, არ აქვთ საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამასთან, დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ბრალდებულ მიკაილ კადიევის სახელზე გაცემული სავარაუდოდ ყალბი პასპორტი. ამდენად, არსებობს მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, შესაბამისად, დასადგენია მათი ოდენობა, სახეობა და მათი წარმომავლობა. საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებანი საქმეზე საბოლოო ჭეშმარიტების დასადგენად", – ნათქვამია განცხადების ტექსტში. 

პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმა განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდებს. 

ამ საქმესთან დაკავშირებით საგულისხმოა ისიც, რომ 14 ივნისს შსს-მ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ტერორიზმის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მიკაელ კადიევს ნაცნობობა აკავშირებს პრეზიდენტის პირად მფრინავთან, ზაურ ქორთოშიძესთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ქორთოშიძეების კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა. ტერორიზმში ბრალდებულთან პრეზიდენტის დაკავშირებას მალევე გამოეხმაურნენ მისი ადმინისტრაციიდან – ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ მსგავს კავშირზე საუბარი პროვოკაციაა. თავად ქორთოშიძე კი აუარყოფს, რომ მიკაილ კადიევი დაკავების დროს მის სახლში ცხოვრობდა. ქორთოშიძის თქმით, მას ამ უკანასკნელთან მხოლოდ შორეული ნაცნობობა აკავშირებდა და შს სამინისტროსა და მედიის მიერ გავცელებული საპირისპირო ცნობა დეზინფორმაციაა.

 

კომენტარები